გია ხუხაშვილი:   ვფიქრობ, აგულაშვილის გზას ძალიან ბევრი ”რესპუბლიკელი” დაადგება

გია ხუხაშვილი: ვფიქრობ, აგულაშვილის გზას ძალიან ბევრი ”რესპუბლიკელი” დაადგება

ვფიქრობ, აგულაშვილის გზას ძალიან ბევრი ”რესპუბლიკელი” დაადგება, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

გია ხუხაშვილმა ”რესპუბლიკელი” მინისტრების გადაწყვეტილება და სამომავლო შანსები შეაფასა. ექსპერტი პარტიის შანსებს სკეპტიკურად უყურებს მიუხედავად იმისა, რომ, მისივე შეფასებით, დავით უსუფაშვილი ქართულ სინამდვილეში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა.

”ჩემი აზრით, საზოგადოების გაგებით ”რესპუბლიკურ პარტიას” სისტემური ხარვეზი აქვს, რომლის გადალახვა ძალიან გაუჭირდება. ”რესპუბლიკური პარტია” ქართულ საზოგადოებაში არც არასდროს სარგებლობდა განსაკუთრებული ექსკლუზიური მხარდაჭერით. გამომდინარე იქედან, რომ მათ ძალიან გაუგრძელდათ ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე პარაზიტირება და ძალიან დააგვიანეს იმისათვის, რომ სრულფასოვანი კამპანია დაეწყოთ და ელექტორალური სეგმენტი ეპოვათ, ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ მათ შანსებს. უბრალოდ, არ ვიცი ამომრჩეველი, რომელმაც ”რესპუბლიურ პარტიას” უნდა მისცეს ხმა”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ”რესპუბლიკური პარტია” წინასაარჩევნო კამპანიის დაგვიანებით დაწყებას ევროპული მიდგომებით ხნის.

”მათ ძალიან უყვართ მენტორეული ტონით საზოგადოებასთან ლაპარაკი და რატომღაც მიიჩნევენ, რომ სხვებზე უფრო ინტელექტუალური ძალაა, სინამდვილეში, ხშირ შემთხვევაში ფსევდო ინტელექტუალიზმში გადადის. ამასაც საზოგადოება ძალიან კარგად გრძნობს. მე ვფიქრობ ახლა დაიწყება პარტიის დაშლის პროცესი, განსაკუთრებით რეგიონებში. ვფიქრობ, აგულაშვილის გზას ძალიან ბევრი ”რესპუბლიკელი” დაადგება და ბევრი ადგილობრივი აქტივისტი, დიდწილად, ”ქართულ ოცნებაში” აღმოჩნდება”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ორი ”რესპუბლიკელი” მინისტრი თანამდებობას ტოვებს. როგორც ”რესპუბლიკური პარტიის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, გადადგომის შესახებ განცხადებებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დაწერენ.

რაც შეეხება კიდევ ერთ ”რესპუბლიკელ” მინისტრს, გიგლა აგულაშვილი პარტიას ტოვებს. შესაბამისად, ის ამ ეტაპზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე რჩება.