დავით უსუფაშვილი: ჩვენ ვართ პირნათელი ჩვენს ხალხთან, ვართ ცოტა, მაგრამ ვაკეთებდით ბევრს

დავით უსუფაშვილი: ჩვენ ვართ პირნათელი ჩვენს ხალხთან, ვართ ცოტა, მაგრამ ვაკეთებდით ბევრს

ჩვენ ვართ პირნათელი ჩვენს ხალხთან, ვართ ცოტა, მაგრამ ვაკეთებდით ბევრს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ”დავით უსუფაშვილი - რესპუბლიკელების” საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

“დადგა ის დღე და მომენტი, რომელსაც ბევრი ელოდა. გვეუბნებოდნენ როდის იქნებოდა და აი დაიწყო, რესპუბლიკელები ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას და ყოველი წუთი გამოყენებული იქნება, რომ მომავალ საპაერლამენტო არჩევნებზე მივაღწიოთ წარმატებას, ვიყოთ პარლამენტში, ვიყოთ მოვლენათა ეპიცენტრში და გავაგრძელოთ ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა. არ ყოფილა არც ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მოვლენა, სადაც რესპუბლიკელები არ ვიყავით მოვლენათა ეპიცენტრში, არ ვიყავით კონსტრუქციულები და არ ვიყავით ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე მომართული პოლიტიკური ძალა. ასეც გაგრძელდება, ჩვენ ამით გარკვეულწილად ვასრულებთ ჩვენს კოალიციურ თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან. ვართ ამაყი, რომ განვლილი 4 წლის განმავლობაში პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ქვეყანას სჭირდება გაცილებით მეტი. ჩვენ შევძელით, რომ დავიხსენით ქვეყანა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმისგან, მაგრამ იმისთვის, რომ საქართველოში შეუქცევადად დამყარდეს მრავალპარტიული, დემოკრატიული, ინსტიტუციური სისტემა, ამას ძალიან ბევრი შრომა სჭირდება და რესპუბლიკელებს გვაქვს პრეტენზია, რომ ვიქნებით პირველნი ამ ბრძოლაში”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ”რესპუბლიკური პარტია” იყო მოვლენათა ეპიცენტრში ყველა საკითხზე, მთავრობაში, პარლამენტში.

”ვიყავით აქტიურნი და ასევე გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. ჩვენ ვართ პირნათელი ჩვენს ხალხთან, ვართ ცოტა, მაგრამ ვაკეთებდით ბევრს. საარჩევნო სიას და სხვა საკითხებს მოგვიანებით გაგაცნობთ. ვაგრძელებთ ბრძოლას ადამიანის თავისუფლებისთვის, ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს ადამიანის თავისუფლებისთვის. ჩვენთვის ადამიანი იქნება კვლავ ცენტრალური ღირებულება და ასევე გავაგრძელებთ”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.