დიდ ბრიტანეთს ხვალიდან ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა.
მისი თქმით, 12 ივლისს ის მინისტრთა კაბინეტის ბოლო სხდომას უხელმძღვანელებს, 13 ივლისს კი, პრემიერ-მინისტრის პოსტს შინაგან საქმეთა მინისტრი ტერეზა მეი დაიკავებს.
„მიხარია, რომ ტერეზა მეი შემდეგი პრემიერ-მინისტრი იქნება. ის ძლიერი, კომპეტენტური ადამიანია, და მას ჩემი სრული მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა ქემერონმა.
23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად გაიმარჯვეს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის მხარდამჭერებმა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა გადადგომის შესახებ განაცხადა.