ვეჭვობ, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევამ რაიმე შედეგამდე მიგვიყვანოს

ვეჭვობ, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევამ რაიმე შედეგამდე მიგვიყვანოს

ვეჭვობ, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევამ რაიმე შედეგამდე მიგვიყვანოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

უსუფაშვილმა პარლამენტის მიერ პროექტის ვერმიღების მიზეზები განმარტა და როგორც განაცხადა, “ბოლო მომენტში, საკითხის ინიციატორს - მთავრობას ან პარტია “ქართულ ოცნებას“ რაღაც განსხვავებული შეხედულებები აღმოაჩნდა პროექტის შემდგომ ბედთან დაკავშირებით“.

“სამწუხაროდ, “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის განხილვა, რომელიც პარლამენტში ორი მოსმენით არის მიღებული, იმ უბრალო მიზეზის გამო შეჩერდა, რომ კანონპროექტის ავტორი და პარლამენტში მისი წარმომდგენი - მთავრობა, მისი წარმომადგენელი პროექტის განსახილველად პარლამენტში ვეღარ მობრძანდა. ამასთანავე, ფრაქცია “ქართული ოცნების“ მხრიდან იყო განმარტება, რომ პროექტთან დაკავშირებით ფრაქციაში არის აზრთა სხვადასხვაობა. ამის თაობაზე პარლამენტში არაერთხელ გავაკეთე განცხადება, მივმართე კოლეგებს, რომ პროექტი მესამე მოსმენით არის განსახილველი ანუ მასში მხოლოდ რედაქციული ცვლილებებია შესატანი და რას ნიშნავს, რომ განსხვავებული პოზიციებია?! ეს პროექტი ან უნდა მივიღოთ ან არ უნდა მივიღოთ! სასამართლოებს ეს პროექტი სჭირდება. მგონი, მისი მომზადებისთვის ყველა ინსტანცია იყო მოვლილი და საჭირო იყო პროექტის მიღება და კანონად ქცევა. ეს ვერ მოხერხდა. ამის მიზეზის პოვნა მარტივია - ინიციატორს - მთავრობას ან პარტია “ქართულ ოცნებას“ ბოლო მომენტში რაღაც განსხვავებული შეხედულებები აღმოაჩნდა პროექტის შემდგომ ბედთან დაკავშირებით“, - განუცხადა ჟურნალისტრებს დავით უსუფაშვილმა.

მისივე აზრით, “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევა “უფრო მეტი ეფექტის მომტანი ვერ იქნება“.

“მთელი ორი თვის მანძილზე მოწვეული იყო სესია, ტარდებოდა სხდომები, კანონპროექტი დღის წესრიგში გვქონდა და მომხსენებელი ვერ ჩამობრძანდა. ამასობაში, გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ხმები ვერ გროვდებოდა თეორიულადაც, რადგან პარტია “ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ კენჭისყრისთვის მზად არ იყო. ამ ვითარებაში, რიგგარეშე სხდომის მოწვევა შეიძლება იყოს გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯი, მაგრამ ვეჭვობ, რომ მან რაიმე შედეგამდე მიგვიყვანოს, იქიდან გამომდინარე, რაც ამ პარლამენტში მესმის. საპარლამენტო უმცირესობა ბოიკოტის რეჟიმშია და კანონპროექტს ისედაც არ აძლევდა ხმას, უმრავლესობაში რა ვითარებააცა, ცნობილია, ასე რომ, დამატებითი კონსულტაციები რა შედეგს გამოიღებს, ვერ გეტყვით. ამ ყველაფერიდან გამომდინარე, ოპტიმისტურად განწყობილი ვერ ვიქნები“, - ამბობს უსუფაშვილი.

პრეზიდენტი საპარლამენტო ფრაქციებს სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით კონსულტაციებს სთავაზობს. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ანა დოლიძის განმარტებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამჟამად მიმდინარეობს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი და იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მოსამართლის მანტიისთვის შეუფერებელი კანდიდატების დანიშვნა, აუცილებელია მიიღონ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებული კანონპროექტი.

პრეზიდენტი საპარლამენტო ფრაქციებს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციებსაც სთავაზობს.