"ზოგადად ის, რომ სამთავრობო საათი არ არის გამოყენებული, ოპოზიციას უნდა ჰკითხოთ"

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშში ნახსენებ სუსტ საპარლამენტო კონტროლს არ ეთანხმება.

ბესელიას თქმით, ის, რომ ანგარიშის თანახმად, 2015 წელს პარლამენტში ე.წ. სამთავრობო საათი არც ერთხელ ჩატარებულა, ოპოზიციის ბრალია.

"ზოგადად ის, რომ სამთავრობო საათი არ არის გამოყენებული და ამას, როგორც წესი, ოპოზიცია იყენებს ხოლმე, ეს მათ უნდა ჰკითხოთ, რატომ არ იყენებენ. ხოლო რაც შეეხება ზოგaდად საპარლამენტო კონტროლს, მოცემულია კვლევაში, რომ ამ მხრივ, კარგ მაგალითს ქმნის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რომელსაც წელიწადში აქვს რამდენჯერმე მთავრობის საგანგებო მოსმენა. როგორც იცით, ყველა უწყება მოდის, ანგარიშს აბარებს კომიტეტს და ეს კულტურა დავამკვიდრეთ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაც კარგ მაგალითად მიიჩნევა", - განაცხადა ბესელიამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქათველომ" დეპუტატებს პარლამენტის მუშაობის შესახებ მომზადებულ ანგარიში გააცნო. როგორც კვლევის ავტორმა ლიკა საჯაიამ ანგარიშის პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა, კვლევაში საპარლამენტო საქმიანობის ის ხარვეზებია მოყვანილი, რაც 2012 წლის შემდეგ ჩატარებულ კვლევებში უცვლელ პრობლემად რჩება. მათ შორის არის - საქმისადმი არასერიოზული დამოკიდებულება და სუსტი საპარლამენტო კონტროლი. კვლევის ავტორის თქმით, პრობლემად რჩება დეპუტატების ხშირი გაცდენები, და გარკვეულ კანონპროექტების დაუსაბუთებლად და დაჩქარებული წესით მიღება.

"აღსანიშნავია გაცდენათა საგანგაშო მაჩვენებელი, რაც იყო 2015 წელს. საპატიო მიზეზით გაცდენილია 2000-ზე მეტი სხდომა, აქედან, 1400-ზე მეტი არის ოჯახური მდგომარეობის გამო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა არის პარლამენტის მიერ საკონტროლო უფლებამოსილების განხორციელება - რამდენად ეფექტურად აკონტროლებს პარლამენტი მთავრობას. 2015 წელს არ ჩატარებულა არცერთი სამთავრობო საათი და მიუხედავად ხუთი მოთხოვნისა, არ შექმნილა არცერთი დროებითი საგამოძიებო კომისია. პარლამენტის წევრები არ განიხილავენ სრულფასოვნად მათ წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშებს", - განაცხადა ლიკა საჯაიამ.