ბათუმის ”მაგნოლიას” მცხოვრებლების ერთი ნაწილი - ყველა დასაჭერია

ბათუმის ”მაგნოლიას” მცხოვრებლების ერთი ნაწილი - ყველა დასაჭერია

ყველა დასაჭერია, - ასე ეხმაურებიან ბათუმის „მაგნოლიას“ მცხოვრებლების ერთი ნაწილი „ცენტრ-პოინტი ჯგუფის“ დამფუძნებლების, მაია და გუკა რჩეულიშვილების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.

„მაგნოლიაში“ შესახლებულთა ინფორმაციით, ლიფტის მოწესრიგების, კორპუსის გადახურვის, ინფრასტრუქტურის მოწყობისა და დასუფთავებასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარების მიზნით კომპანიას თანხები აღებული აქვს, თუმცა ვალდებულებები არ შეუსრულებია.

„ყოველ დღე გვპირდებიან, მაგრამ დანაპირების შესრულებას ბოლო არ უჩანს“, - აღნიშნავს ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ერთ-ერთი მობინადრე ნანა გეწაძე.

„მაგნოლიას“ კიდევ ერთი მცხოვრების, ლილი თბილელი განცხადებით კი, „ცენტრ პოინტს“ პროკურატურაში უჩივის. ის ხვალ აპირებს საგამოძიებო უწყებაში მისვლას და იმ სიტუაციის შესახებ საუბარს, რაც მის კორპუსში არსებობს.

„ჩემი საჩივარი ეხება იმას, რომ ამდენი წელია ეს შენობა მოუწესრიგებელია. გასულ წელს სახურავზე დააშენეს კიდევ ერთი სართული. ვიცი, რომ უკანონო და უნებართვო დაშენებაა. ამას ემატება ისიც, რომ სამუშაოები ცუდად შეასრულეს.  ბლოკის ერთი ფასადი წვიმამ ჩამორეცხა. წყლის ჩამოსვლის მერე გადამეწვა ტექნიკა. გარდა ამისა, ამდენი წელიწადია ნაგვისგან ვერ დავაღწიეთ თავი. პროკურატურაში რას მკითხავენ არ ვიცი, მაგრამ მე ვაპირებ ამ პრობლემებზე საუბარს“, განმარტავს ლილი თბილელი.

”ინტერპრესნიუსი” კიდევ ერთ ოჯახს ესაუბრა, რომელიც „მაგნოლიაში“ ასევე ფლობს ბინას. ალიონა ბაქსის თქმით, ის ზაფხულობით ისვენებს ბათუმში, უშუალოდ აღნიშნულ კორპუსში კი ყველაზე მატად ანტისანიტარია აწუხებს.

„ჩვენი სახლი არ არის ბოლომდე ჩაბარებული უკვე მეათე წელია. ბოლო არ უჩანს ამ კორპუსის დასრულებას. მტვერია, ნაგავია, ვირთხები დარბიან ყველგან. საშინელ დღეში ვართ“, - აცხადებს ალიონა ბაქსი.

„მაგნოლიას“ კიდევ ერთი მობინადრე ლიკა არველაძე კი აღნიშნავს, რომ კორპუსის ბოლო სართულებზე დაშენებების გამო სადარბაზოში წვიმს და წყალი ელქტრომრიცხველებს აზიანებს, რის გამოც შუქი ხშირად ითიშება. მისივე განმარტებით, კორპუსის ადმინისტრაცია სხვადასხვა დანიშნულებისთვის ყოველწლიურად ახდევინებს თანხებს, მაგრამ პირობებს არ ასრულებს.

„სადარბაზოში შესვლისთვის შეგვაძენინეს ჩიპები, რომელშიც გადაგვახდევინეს 150 ლარი. რა აზრი აქვს ქვემოთ კარების დაკეტვას, როცა ურემონტო ბინებიდან ჩემს სართულზე ნებისმიერს შეუძლია გადმოსვლაც და გადასვლაც? ასევე აქ არის ჩვეულებრივი ანტისანიტარია, მაშინ როცა ნაგვის გატანისთვისაც თანხა გადაგვახდევინეს. ასევე, როცა წვიმს, სადარბაზოში წყალი ჩამოდის, რაც დენის მრიცხველებს ესხმება და შუქი ითიშება“, - აღნიშნავს ლიკა არველაძე.