იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რჩეულიშვილების საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველანაირი სისხლის სამართლის საქმე ვერ იქნება პოლიტიკური დევნის ნიმუში, როგორც ამას ოპონენტები აცხადებენ.
მინისტრის თქმით, ის აღნიშნულ საქმეს არ იცნობს და ამის შესახებ მედიიდან შეიტყო.
"მე არ ვიცნობ ამ საქმეს. მედიიდან შევიტყვე ეს ამბავი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი სისხლის სამართლის საქმე ვერ იქნება პოლიტიკური დევნის ნიმუში, როგორც ამას ოპონენტები აცხადებენ", - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს, ცენტრ-პოინტის ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და კომპანიის გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი დააკავეს. დაკითხვაზე ასევე დაბარებულები არიან მაია და გუკა რჩეულიშვილები.