ადვოკატი - ოჯახისთვის უცნობია, სად იმყოფება გუკა რჩეულიშვილი

ადვოკატი - ოჯახისთვის უცნობია, სად იმყოფება გუკა რჩეულიშვილი

გუკა რჩეულიშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება მისი დაცვის ქვეშ მყოფი. როგორც ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მასთან დაკავშირებას მშობლები ამ დრომდე ვერ ახერხებენ. 

”ჯერ დავუკავშირდებით გუკას, შემდეგ ალბათ თვითონ გადაწყვეტს გამოცხადებასთან დაკავშირებით, ჩაგვაბარებენ დოკუმენტებს და ვნახავთ თუ რას გვედავებიან. არ ვიცი სად არის, ვერ დაუკავშირდნენ მისი მშობლები. ბატონი ვახტანგ რჩეულიშვილი ვნახე. მან მითხრა, რომ შეეცდებიან დაკავშირებას და ეტყვიან, რომ გამოცხადდეს პროკურატურაში. როგორც ვიცი, აქამდე ვერ დაუკავშირდნენ”, - განაცხადა ჭაბაშვილმა. 

მისივე თქმით, სასამართლოს განჩინება გაცემული აქვს სამი პირის დაკავებაზე - გუკა რჩეულიშვილზე, ირაკლი მინდელზე და სალომე ჩარკვიანზე. 
”სასამართლოს განჩინება გაუცია სამი პიროვნების დაკავების შესახებ, მათ შორის ერთ-ერთი გუკა რჩეულიშვილია. ის სახლში არ იმყოფებოდა როდესაც მასთან პოლიცია მივიდა, დამირეკეს მისმა მშობლებმა. მივედი და ზეპირად, გამომძიებლისგან გავარკვიეთ, რომ „ცენტრ პოინტის” ბათუმის ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით არის სავარაუდოდ დაკავების განჩინება გაცემული. გუკასთან ერთად ედავებიან და დაკავების განჩინება არის გაცემული ირაკლი მინდელზე და სალომე ჩარკვიანზე. ეს პირები დაუკავებიათ როგორც ვიცით”, - განაცხადა ჭაბაშვილმა. 

მისივე თქმით, პროკურატურის გადაწყვეტილება ამ პირების დაკავების შესახებ გაუგებარია.

”კონკრეტულად ბრალდება რას შეეხება, დოკუმენტები ჯერ არ გვაქვს წარდგენილი. ”ცენტრ პოინტის” საქმის გამოძიება მეოთხე წელია მიმდინარეობს, რაღაც ეპიზოდებზე საქმე სასამართლოში იხილება, დანარჩენ ნაწილზე გამოძიება ისევ მიმდინარეობს, ამ ხნის განმავლობაში ადვოკატებს თუ ”ცენტრ პოინტის” თანამშრომლებს მუდმივი კონტაქტი გვაქვს გამოძიებასთან და გაუგებარია თუ რის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ, რომ ამ პირების დაკავება აუცილებელი იყო. ან პროკურატურამ რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასამართლოსგან წინასწარ დაკავების განჩინება მიეღო. პროკურატურა თუ დაიბარებდა, ერთიც, მეორეც და მესამეც უპრობლემოდ მივიდოდნენ. დანარჩენს დაველოდებით”, - აღნიშნა ჭაბაშვილმა.