დიმიტრი ბერიძე - არასაკონცერტო პერიოდში Black Sea Arena-ს მოვლა-პატრონობა და ხელფასები თვეში 20 000 ლარიდან 40 000 ლარამდე მერყეობს

დიმიტრი ბერიძე - არასაკონცერტო პერიოდში Black Sea Arena-ს მოვლა-პატრონობა და ხელფასები თვეში 20 000 ლარიდან 40 000 ლარამდე მერყეობს

ისეთ დღეებში, როდესაც კონცერტები არ გაიმართება, დარბაზის მოვლა-პატრონობა და ხელფასები მერყეობს თვეში 20 000 ლარიდან 40 000 ლარამდე, - ამის შესახებ Black Sea Arena-ს დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ დარბაზის მშენებლობა ახალი დამთავრებულია, ამ დროის მონაცემით მათ არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა ჯდება დარბაზის შენახვა, თუმცა არსებული ინფორმაციით, ისეთ დღეებში, როდესაც კონცერტები არ გაიმართება, დარბაზის პატრონობა და ხელფასები თვეში 20 000 ლარიდან 40 000 ლარის ფარგლებში იქნება. 

დიმიტრი ბერიძემ Black Sea Arena-ს სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალში საკონცერტო დარბაზში იგეგმება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დონის კონცერტები. 

„Black Sea Arena 2016 წლის საზაფხულო პროგრამასთან ერთად თავისი ინფრასტრუქტურით სახელმწიფოს გადაეცა. გვაქვს გეგმები და იქნება ბევრი საერთაშორისო და ადგილობრივი დონის კონცერტი. სულ მალე მოვაწყობთ პრესკონფერენციას, სადაც პირველი კონცერტის თარიღს გავაჟღერებთ და ასევე გახდება ცნობილი, თუ ვინ გამართავს კონცერტს. მომდევნო დღეებში ვიტყვით ასევე თუ რა ღონისძიებები დაიგეგმება სამომავლოდ. რაც შეეხება ხარჯებს, მშენებლობა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და საექსპლუატაციო ხარჯის შესახებ დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპზე ნაკლებად გვაქვს. ჩვენ დაახლოებით ხარჯები ვიცით. არის დიდი სხვაობა კონცერტის დროს და ჩვეულებრივ დღეებში. დარბაზის მოვლა-პატრონობა და ხელფასები კონცერტების გარეშე მერყეობს თვეში 20 000 ლარიდან 40 000 ლარამდე. რაც შეეხება კონცერტებს, ეს უკვე დამოკიდებულია რა სიმძლავრეები იქნება გამოყენებული“, - განაცხადა Black Sea Arena-ს დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ.