საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულები არიან შპს „ცენტრ-პოინტი აჭარას“ დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიმდინარეობს გუკა რჩეულიშვილის დაკავების ოპერაცია, ამ ფაქტს პროკურატურაში ვერ ადასტურებენ.
„დაკავებულები არიან შპს „ცენტრ-პოინტი აჭარას“ დირექტორი ირაკლი მინდელი და სალომე ჩარკვიანი. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, მე ვადასტურებ ოფიციალურად, რომ ამ დროისთვის დაკავებულია მხოლოდ ორი პირი. მიმდინარე სპეცოპერაციებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს“, - განაცხადა პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.
თუ რომელი მუხლით არიან დაკავებული აღნიშნული პირები, ამ ეტაპზე პროკურატურაში არ აკონკრეტებენ. ნათია სუხიაშვილის განმარტებით, ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ხვალ გაავრცელებს.