ილია მეორე - დაგროვილია ისეთი იარაღი, რომ შეიძლება სიცოცხლე მოისპოს დედამიწაზე, ამიტომ წმინდათა ლოცვა გვიშველის ჩვენ

ილია მეორე - დაგროვილია ისეთი იარაღი, რომ შეიძლება სიცოცხლე მოისპოს დედამიწაზე, ამიტომ წმინდათა ლოცვა გვიშველის ჩვენ

ძალიან ხშირად კაცობრიობა მიდის უფსკრულთან, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვნთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. 
პატრიარქმა იქადაგა გიორგი მთაწმინდელისა და კირიონ მეორის ღვაწლზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში ზოგიერთ ადამიანს განსაკუთრებული როლი აქვს. ამ კონტექსტში პატრიარქმა უინსტონ ჩერჩილის სიტყვები გაიხსენა, რომ „არა ისტორია, არამედ ბიოგრაფიები“. მან ისუაბრა გიორგი მთაწმინდელის როლზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის განმტკიცების თვალსაზრისით. უწმინდესის თქმით, ასევე განსაკუთრებული დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე პატრიარქ კირიონ მეორეს. 
„შევთხოვთ ამ ორ წმინდანს, რომ მშვიდობა და ურთიერთგაგება სთხოვონ უფალს საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის. თქვენ ხედავთ, რამდენად რთულია თანამედროვე ცხოვრება. ძალიან ხშირად კაცობრიობა მიდის უფსკრულთან და არა მარტო მიდის, არამედ იხედება უფსკრულში. ღმერთმა დაიფაროს, დაგროვილია ისეთი იარაღი, რომ შეიძლება სიცოცხლე მოისპოს დედამიწაზე, ამიტომ წმინდათა ლოცვა გვიშველის ჩვენ“, - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.