ბარაკ ობამა - ნატოს ჩამოყალიბების მომენტიდან დღემდე ეს ყველაზე რთული პერიოდია ალიანსისთვის

ბარაკ ობამა - ნატოს ჩამოყალიბების მომენტიდან დღემდე ეს ყველაზე რთული პერიოდია ალიანსისთვის

ნატოს ჩამოყალიბების მომენტიდან დღემდე ეს ყველაზე რთული პერიოდია ალიანსისთვის. აღნიშნული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვარშავის სამიტის შემდეგ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსგავსი სირთულის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და პოლიტიკური გამოწვევის წინაშე არასდროს მდგარა. 
ბარაკ ობამამ მთავარ გამოწვევებში ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსა“ და ტერორიზმისგან მომდინარე საფრთხე, რუსეთის მიერ სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და პროვოკაციული ქმედება, მიგრანტთა კრიზისი და გაერთიანებული სამეფოს რეფერენდუმი დაასახელა, რომელმაც ევროპული ინტეგრაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. 
აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ სირთულეების პარალელურად ერთი რამ უცვლელი რჩება და ეს ევროპის დაცვისა და უსაფრთხოების საკითხისადმი, ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებაა. 
ობამას თქმით, მომავალ წელს ზუსტად 100 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც აშშ-მ თავისი შეიარაღებული ძალები ევროპის დასაცავად პირველ მსოფლიო ომში გაგზავნა, რაც მეორე მსოფლიო და ცივი ომების დროსაც შენარჩუნდა. პრეზიდენტის განმარტებით, ამ დროისთვის სხვადასხვა ევროპული ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში 60 ათასი ამერიკელი მსახურობს. ობამას თქმით, წარმატებისა და სირთულეების დროს ევროპას ყოველთვის უნდა ჰქონდეს ამერიკის შეერთებული შტატების თანადგომის იმედი.