ავღანეთის დახმარება აუცილებელია როგორც რეგიონული, ისე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის

ავღანეთის დახმარება აუცილებელია როგორც რეგიონული, ისე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ავღანეთის დახმარება აუცილებელია როგორც რეგიონული, ისე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

როგორც „ინტერრპესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ დღეს ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ავღანეთმა საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწია როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეკონომიკური განვითარების, ისე უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესების კუთხით. ამიტომ, აუცილებელია ალიანსისა და ალიანსის პარტნიორების მხრიდან გაგრძელდეს ავღანეთის დახმარება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, შეხვედრის მსვლელობისას, ალიანსის წევრმა და პარტნიორმა ქვეყნებმა ცალსახად დააფიქსირეს მზაობა, განაგრძონ თავიანთი წვლილის შეტანა ავღანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, იმისათვის, რომ მისია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, წარმატებით დასრულდეს.

ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრა ვარშავაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, დღეს გაიმართა და მასში საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობდა.