პრემიერი:   უვიზო მიმოსვლა იქნება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და უდიდესი სტიმული

პრემიერი: უვიზო მიმოსვლა იქნება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და უდიდესი სტიმული

დღეს ძალაში სრულად შედის ასოცირების ხელშეკრულება, რის წყალობითაც დგება თვისებრივად ახალი ეპოქა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში და ეს ჩემი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

"ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის გააზრებული არჩევანია, რადგანაც ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ეს არის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა. მინდა გითხრათ, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ამ ეტაპზე ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. მოლოდინები საქართველოში ძალიან დიდია. უვიზო მიმოსვლა იქნება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება და უდიდესი სტიმული ჩვენი - ზოგჯერ მტკივნეული - ევროპული ტრანსფორმაციის გზაზე. ერთი მხრივ, მოსახლეობა დაინახავს, რომ ევროპულ არჩევანს ხელშესახები სარგებელი მოაქვს. მეორე მხრივ კი, დაუბრკოლებელი კავშირები ჩვენს საზოგადოებებს შორის დიდ წვლილს შეიტანს ევროპული ღირებულებებისა და იდეების გაზიარებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.  სწორედ ამიტომ, გამოვთქვამთ იმედს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია გვაძლევს სტიმულს, მივაღწიოთ ქვეყნის მოდერნიზაციას და შეუქცევადი გავხადოთ დემოკრატიული განვითარების პროცესი", - განაცხადა პრემიერმა.