2017 წლის ბოლოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს ახალი მოფრენის ტერმინალი მოემსახურება

2017 წლის ბოლოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს ახალი მოფრენის ტერმინალი მოემსახურება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობისთვის საფუძვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე,  მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრეზენტაციაზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააბცხადა, რომ თბილისის აეროპორტში მოფრენის ტერმინალის მშენებლობა დაგეგმილზე ადრე იწყება, რაც ტურიზმის მაჩვენებლების ზრდით არის განპირობებული.

„ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს 25%-ზე მეტი ზრდა დაფიქსირებული, რაც შენარჩუნდება და დიდი ალბათობით შეიძლება იყოს კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლები. ამიტომ, „ტავ ჯორჯია" იწყებს მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობას. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს უცხოელი ინვესტორების საქმიანობას, შექმნას შესაბამისი გარემო ბიზნესის განვითარებისთვის და ამავე დროს მაქსიმალურად დაიცვას საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების ინტერესები," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

„დღევანდელი დღე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვითარდება ტურიზმი და ავიაცია საქართველოში. 2015 წლის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა 1.800.000 გადააჭარბა, რამაც ბიძგი მისცა BOT ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტერმინალის გაფართოების და მშენებლობის ფაზის განხორციელებას,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი განცხადებით, ავიაციის სფეროს განვითარება პირდაპირ აისახება ტურიზმის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, რადგან  ყოველი მგზავრი და ყოველივე საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენა ნიშნავს მეტ ტურისტს საქართველოში და მეტ შემოსავალს აეროპორტისთვის და შესაბამის ინდუსტრიაში ჩართული ყველა კომპანიისათვის. უფრო მეტიც, ტერმინალის მშენებლობის დასრულების და მგზავრთნაკადის ზრდის შემდგომ, როგორც უშუალოდ აეროპორტში, ასევე  ამ სფეროში ჩართულ კომპანიებში გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარეაბილიტაცია სამუშაოებზე, რომელიც 12 კვირის წინ დაიწყო და 2016 წლის ივლისში ოფიციალურად გაიხსნება.

ახალი მოფრენის ტერმინალის ფართობი 12000 კვადრატული მეტრი იქნება. მშენებლობაზე დასაქმდება 500-მდე ადამიანი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტი არსებული ასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციას, ახალი მოფრენის ტერმინალის 5 ახალ სადგომს და მგზავრთა ხიდით უზრუნველყოფას მოიცავს. ახალი ტერმინალის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 3 500 000 მგზავრს მოემსახურება.