გრიგორი კარასინი - ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაზე რაიმე სახის გარღვევა მოსალოდნელი არ არის

გრიგორი კარასინი - ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაზე რაიმე სახის გარღვევა მოსალოდნელი არ არის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაზე რაიმე სახის გარღვევა მოსალოდნელი არ არის. 
ამის შესახებ გრიგორი კარასინმა რუსულ სააგენტო „ტასს“ განუცხადა.
„არანაირი გარღვევა მოსალოდნელი არ არის. ჩვენ რუსეთ-საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობის დამყარების პრაქტიკულ საკითხებზე ვიმსჯელებთ. ამ დიალოგს გავაგრძელებთ იმისთვის, რომ ჩვენმა ურთიერთობამ ორივე ქვეყნის ხალხს პრაქტიკული შედეგი მოუტანოს“,- განაცხადა კარასინმა. 
მისი თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი თემა სატრანსპორტო სფეროში ურთიერთქმედება იქნება, შესაბამის საკითხზე განცხადება შეხვედრის შემდეგ გაკეთდება.
სააგენტო „ტასი“ არ გამორიცხავს, რომ პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეები რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გამარტივებაზე ისაუბრებენ.