27-28 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს მთავრობის მეთაურს ბერნის საერთაშორისო აეროპორტში შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური პრეზიდენტი, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების მინისტრი იოჰან შნაიდერ-ამანი დახვდება. გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური პრეზიდენტის შეხვედრა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის, რომელიც ისლანდიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და შვეიცარიას აერთიანებს; ასევე, გაიმართება შვეიცარია-საქართველოს ბიზნესმიღება.
„ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია, შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით, მთა-თუშეთის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე მუშაობის დაწყება. ამ მიზნით, შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფთან გაიმართება“, - აცხადებენ პრესსამსახურში.
მათივე თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაურს სამუშაო ლანჩზე შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე კრისტა მარკვალდერი უმასპინძლებს.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე, ტურიზმის, მეწარმეობის, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია იმყოფებიან.