გიორგი კვირიკაშვილი - ”ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” არჩევნების მოსაგებად ყველა რესურსი აქვს

გიორგი კვირიკაშვილი - ”ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” არჩევნების მოსაგებად ყველა რესურსი აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პარტიას ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” ყველა რესურსი აქვს საიმისოდ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია ”ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე განაცხადა. 
”წინ ძალიან საპასუხისმგებლო არჩევნები გველის. პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” წელს პირველად იღებს დამოუკიდებლად მონაწილეობას არჩევნებში და ყველა რესურსი აქვს საიმისოდ, რომ მთელი შემართებით, განახლებული გუნდით და ენერგიით, კონკრეტული მიზნებით და მკაფიო ხედვით წარდგეს ამომრჩევლის წინაშე და მოიგოს ეს არჩევნები.
ჩვენ, ყველამ ერთად, ამომრჩევლებს და ჩვენს მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ, რომ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც შესწევს ძალა ღირსეულად მართოს ჩვენი ქვეყანა, რომ ”ქართული ოცნება” ძლიერი და პროგრესული, ევროპული ღირებულებების მატარებელი და დემოკრატიული პრინციპების მატარებელია პარტიაა, რომელსაც სწორი გზით მიჰყავს ქვეყანა და რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია.
დარწმუნებული ვარ, რომ პარტიის თითოეული წევრი და განსაკუთრებით ახალგაზრდები თავს არ დაზოგავთ და იბრძოლებთ არჩევნებში იმ პარტიის გამარჯვებისთვის, რომელსაც ენდობა ჩვენი ხალხი და სჯერა, რომ ”ქართული ოცნების” ყველა ნაბიჯი ჩვენი სამშობლოს სიძლიერეს ემსახურება. 
”ქართული ოცნება” აუცილებლად გაიმარჯვებს და ამის რწმენას მე მაძლევს თქვენი ანთებული სახეები, თქვენი იმედით სავსე თვალები”, - მიმართა პრემიერმა ახალგაზრდებს.