პარტია ”ქართული ოცნება” ყოველდღიურად იკრებს ძალას და ორიენტირებულია განვითარებასა და სიახლეზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე განაცხადა. მისი თქმით, პარტიას სჭირდება ახალი იდეები, ახალი ხედვები, ინიციატივები და ახალგაზრდული ენერგია.
”ძალიან მოხარული ვარ, რომ ამდენ ანთებულ და შემართულ ახალგაზრდას ვხედავ. კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ ეს ახალგაზრდები ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების წევრები არიან. დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველანი კარგად აცნობიერებთ, რომ იმ პარტიის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენთ, რომელსაც დღეს ქვეყნის მართვის პასუხსიმგებლობა აქვს ნაკისრი. ეს არის ჩვენი პარტიისთვის, თითეოული წევრისთვის, ძალიან საპატიო საქმე და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა. პარტია ”ქართული ოცნება” ყოველდღიურად იკრებს ძალას და ორიენტირებულია განვითარებასა და სიახლეზე. ჩვენ გვჭირდება ახალი იდეები, ახალი ხედვები, ინიციატივები და რაც მთავარია გვჭირდება ახალგაზრდული ენერგია”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ყრილობის მონაწილეებს რჩევით მიმართა, რომ პოლიტიკაში მონაწილეობა მაშინ არის სიკეთის მომტანი, თუ ეს სამშობლოს ემსახურება.
”თქვენი ასაკისთვის დამახასიათებელი თამამი გადაწყვეტილებები საჭირო და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, განვითარებისთვის. ახალგაზრდების მონაწილეობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, სახელმწიფოებრივი განვითარების თქვენული ხედვა და აქტიური ჩართულობა პარტიის საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყველა იმ საქმის თანამონაწილე იქნებით, რომელიც ჩვენ სამშობლოს უდიდეს წარმატებას მოუტანს. პოლიტიკაში მონაწილეობა მაშინ არის სიკეთის მომტანი თუ ეს სამშობლოს ემსახურება, სახელმწიფოს მშენებლობასა და ქვეყნის კეთილდღეობას ხმარდება”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, მაღალი ღირებულებების ერთგული და ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ წარმატებულ ქვეყანას.
”სწორედ ასეთებად მიმაჩნიხართ თქვენ. დარწმუნებული ვარ, თქვენი სახით გვეყოლება ნამდვილად ღირსეული ცვლა, რომელსაც მშვიდად გადავაბარებთ ჩვენი ქვეყნის მართვას. ჩვენ ვაყალიბებეთ ახალ დღის წესრიგს, რომელსაც დღევანდელი რეალობა გვიყენებს. მზად ვართ ვუპასუხოთ ახალ ამოცანებსა და გამოწვევებს. ყველაფერი, რასაც ვგეგმავთ და ვაკეთებთ ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის კეთდება”, - განაცხადა პრემიერმა.