გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილი „იმ საეჭვო გარემოებებზე საუბრობს, რომელიც მიუთითებს, რომ ეროსი კიწმარიშვილს თავი არ მოუკლავს“.
როგორც Palitratv.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა, მის ძმას სავარაუდოდ ჰქონდა მოლოდინი მასზე შესაძლო ძალადობის ან თავდასხმის განხორციელების და შესაძლოა, სწორედ ამიტომ შეიძინა იარაღი.
”იარაღის საკითხზე ის ჯერ კიდევ 8 ივლისს, თავის მეგობართან საუბრობდა, რომ მას სჭირდებოდა საბრძოლო მდგომარეობაში მყოფი იარაღი. მე ამას ყველაფერს ვუკავშირებ იმ აქტიურობას და იმ საქმეებს, რომელსაც აწარმოებდა და გეგმავდა. ამასთან დაკავშირებით ეროსი კიწმარიშვილი ამბობდა, რომ ტესტავდა ვიღაცეებს და ჰქონდა რეალური განცდა და მოლოდინი მათი მხრიდან რეაქციისა. ვვარაუდობ, რომ ჰქონდა მოლოდინი თავდასხმის, ძალადობის და ამის გამო შესაძლებელია, მას იარაღი შეეძენა და ტარებაც განეზრახა“, - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო შეხვედრებზე, რომელიც ძმასთან ჰქონდა, ეროსი კიწმარიშვილს არავითარი საგანგაშო ფრაზები და მოლოდინები არ გამოუმჟღავნებია.
”სკაიპში ვნახე ჩანაწერები, სადაც ის ესაუბრება ადამიანებს ძალიან მნიშვნელოვან და კონკრეტულ საკითხებზე, რაც უკავშირდებოდა მის მედია და პოლიტიკურ საქმიანობას. მუდმივად იყო ლაპარაკი ხვალინდელ, ზეგინდელ დღეზე. მას არც ერთ ადამიანთან, რაიმე მანიშნებელი მომავალი კატასტროფის, უიმედოობისა თუ ღრმა დეპრესიისა არ გამოუვლენია”, - აღნიშნა ზურაბ კიწმარიშვილმა.
მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ძიება შეწყვიტა და საქმე დახურა. საგამოძიებო უწყების დასკვნით, ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა.