გიორგი კვირიკაშვილი - უახლოეს დღეებში ხელს ვაწერთ კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც ანაკლიაში ინევესტორები დაიწყებენ მუშაობას

გიორგი კვირიკაშვილი - უახლოეს დღეებში ხელს ვაწერთ კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც ანაკლიაში ინევესტორები დაიწყებენ მუშაობას

უახლოეს დღეებში ხელს ვაწერთ კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც ანაკლიაში ინევესტორები დაიწყებენ მუშაობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ ციხისძირში მდებარე სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური ოთხწლიანი გეგმა ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, რაც 2020 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. 

”3 წელიწადში ანაკლიაში დასრულდება პირველი ფაზა, პირველი ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოში, რომელიც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს. ჩვენ უახლოეს დღეებში უკვე კონტრაქტს ვაწერთ ხელს, რომლის მიხედვითაც ინვესტორები დაიწყებენ მუშაობას”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმისა და კურორტების განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე. 
მისი განმარტებით, ბაკურიანში უკვე დაიწყო კოხტა - მიტარბის განვითარების პროექტი, რაც სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის თანამშრომლობით ხორციელდება. 

პრემიერის ინფორმაციით, ერთ თვეში ბაკურიანში ამოქმედდება ახალ ატრაქციონი - ალპური ციგების გასართობი კომპლექსი, რომელიც ზაფხულის მიმართულების განვითარებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

“ბოლო ორ თვეში ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება - 25%-ზე მაღალი ზრდა, რაც არის მართლაც უპრეცენდენტო. ჩვენ თვალითაც ვამჩნევთ ტურიზმის ზრდას, ტურისტების მოზღვავებას საქართველოში. ეს პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას და ტურიზმის ბიზნესში ჩართულ ადამიანებს ექნებათ უფრო მეტი შემოსავალი”, - განაცხადა პრემიერმა.