საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი Check in Georgia გრძელდება

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი Check in Georgia გრძელდება

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი Check in Georgia გრძელდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, 26 ივნისს, ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, კონცერტები გაიმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. კერძოდ, ქალაქ თელავში, კულტურისა და დასვენების პარკში „ნადიკვარი“ გაიმართება დათუნა მგელაძის, რობი კუხიანიძისა და ბენდის, ნუცა ბუზალაძისა და ჯგუფის Pulse-ის კონცერტი.

ოზურგეთელი მსმენელის წინაშე კი მერაბ კოსტავას სახელობის ცენტრალურ მოედანზე ჯგუფები Reggaeon და Loudspeakers წარდგებიან;

26 ივნისს, ზუგდიდში ჩატარდება, ქალაქის ცენტრალურ პარკში, კონცერტს გამართავენ მეგი გოგიტიძე და ბენდი, მომღერლები - ვერიკო ტურაშვილი, ნინო ძოწენიძე, კახა კუხიანიძე და თამთა ჭელიძე.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, აპრილში დაწყებული პროექტი Check in Georgia წლის ბოლომდე გაგრძელდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.

პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.

Check in Georgia მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი”, - აცხადებენ სამინისტროში.