ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის ცვლილებას ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელები განცხადებით გამოეხმაურნენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საკადრო ცვლილება წინასაარჩევნო პერიოდში ეჭვქვეშ დააყენებს არხის და მისი თანამშრომლების რეპუტაციას, სანდოობას და სიტყვის თავისუფლების ხარისხს ტელეკომპანია "იმედში".
”ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლდა საინფორმაციო სამსახურის უფროსი მაია თაბაგარი. "ქრონიკის" თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ ყოვლად მიუღებელია არსებულ ვითარებაში, წინასაარჩევნო პერიოდში საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლება და არ არსებობს რაიმე ობიექტური მიზეზი ასეთი რადიკალური ზომის მისაღებად. მიგვაჩნია, რომ საკადრო ცვლილება წინასაარჩევნო პერიოდში ეჭვქვეშ დააყენებს არხის და მისი თანამშრომლების რეპუტაციას, სანდოობას და სიტყვის თავისუფლების ხარისხს ტელეკომპანია "იმედში", - ნათქვამია ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელების განცხადებაში.
ჟურნალისტი ნანა ლეჟავა ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა. ნანა ლეჟავა "ტელეიმედის" საინფორმაციო სამსახურს მაია თაბაგარის ნაცვლად უხელმძღვანელებს. უკვე ყოფილი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მაია თაბაგარი კი გენერალური დირექტორის კონსულტატის პოზიციაზე დაინიშნა.