ამალი-დევდორაკის ხეობაში საფრთხის ზონაში აღარავინ იმყოფება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ განუცხადა.
მისივე თქმით, დევდორაკის ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან ერთად იმყოფებოდა და ვითარებას ადგილზე გაეცნენ. მურღულიას განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი, ხეობაში მუდმივ დაკვირვებას აწარმოებდა, რის შედეგადაც საფრთხის შესახებ დროულად გააფრთხილეს შესაბამისი სტრუქტურები და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის“ თანამშრომელთა ევაკუაცია დროულად განხორციელდა. სტიქიის შედეგად მსხვერპლი არ არის და არც არავინ საფრთხის ქვეშ არ იმყოფება.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საბაჟოსთან გზის ნაწილი წყალმა წაიღო, რის გამოც გადაადგილება შეზღუდულია. „ძლიერმა წვიმამ გასულ წელს დევდორაკიდან ჩამოტანილი ძველი მასა გაააქტიურა. პროცესი საღამოს, 16.25 საათზე დაიწყო. ხვალ დილიდან ტერიტორიის დათვალიერება მოხდება და ფართომასშტაბიანი გაწმენდითი სამუშოები დაიწყება“, - განაცხადა მურღულიამ.
მისივე თქმით, სტიქიის ზონის მეორე მხარეს დარჩა დარიალის ხეობაში არსებული მონასტერი, რომელსაც საფრთხე ასევე არ ემუქრება.