დიდმა და წმინდა კრებამ შესაძლოა რეგულარული ხასიათი მიიღოს და რამდენიმე წელიწადში ერთხელ გაიმართოს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კრების სამდივნოში ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მთავარეპისკოპოსმა იობმა განუცხადა.
„არც ერთ აქ დამსწრე ეკლესიის წარმომადგენელს არ სურს რომელიმე ეკლესიის გამოკლება, ჩვენ მათ ველოდით და კიდევ ველოდებით. სესიების დროს ითქვა, რომ კრება რეგულარული გახდეს. ჯერ ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიღებულა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა საჭირო ყოველ ხუთ, ექვს, შვიდ ან ათ წელიწადში შევიკრიბოთ. თუმცა, აქ შეკრებილების სურვილია, ყველა ეკლესია შეიკრიბოს რეგულარულად და კრება ეკლესიის ახალ ინსტიტუციად ჩამოყალიბდეს, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა საკითხების განხილვა“, - განაცხადა მღვდელმთავარმა.
სააგენტო კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ მუშაობის დროს გამოითქვა აზრი, მსგავსი კრებების რიგრიგობით ყველა მართლმადიდებელ ქვეყანაში ჩატარების შესახებ. სააგენტო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ არის შეთავაზება ახალი კრების შემოდგომით გამართვის შესახებ, რათა არსებული უთანხმოების აღმოფხვრა და ყველა გადაწყვეტილების ერთხმად მიღება მოხდეს. მისივე ცნობით, ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზია შიში იმისა, რომ ახალი სქიზმა არ მოხდეს.