საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 21 ივნისს, თბილისში გაიმართა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მიმოიხილეს 2015 წელს, ვაშინგტონში ჩატარებული სამუშაო ჯგუფის მიერ დასახული მიზნების შესრულების პროგრესი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორივე მხარემ დაადასტურა ძლიერი, დეპოლიტიზირებული სახელისუფლებლო ინსტიტუტებისა და გამჭირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის მნიშვნელობა.
აშშ-ს მხარე მიესალმა რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ღია, პლურალისტური და მშვიდობიანი პოლიტიკური გარემო მნიშვნელოვანია, რათა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყოს საქართველოს დემოკრატიული პროგრესის ნათელი მაგალითი.
აშშ-მა და საქართველომ იმსჯელეს პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისთვის თანასწორი და კონკურენტული პირობების შექმნის გზებზე, ეთიკური მმართველობისა და საარჩევნო ადმინისტრირების გაუმჯობესების, აგრეთვე, თავისუფალი და ღია მედია გარემოს უზრუნველყოფის მეშვეობით.
ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა პოლიტიკური ძალადობისა და დაშინების აღკვეთისკენ მიმართულ ძალისხმევას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან. მხარეებმა ხაზი გაუსვეს პრემიერ-მინისტრის განცხადების უაღრესად დიდ მნიშვნელობას, რომლითაც მან თავისუფალი, სამართლიანი და სტაბილური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, პოლიტიკურ პარტიებს ქცევის კოდექსის მიღებისკენ მოუწოდა. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან არჩევნების შემდეგ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მნიშვნელობას.
ორივე მხარემ დაადასტურა ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობის მნიშვნელობა. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა მართლმსაჯულების სფეროში, განსაკუთრებით მთავარ პროკურატურაში მიმდინარე რეფორმებს და მთავარი პროკურორის მიერ რეფორმების დღის წესრიგის სრულ მხარდაჭერას.
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართულ მხარის ძალისხმევას, გააგრძელოს მუშაობა აღნიშნულ საკვანძო სფეროებში, გააღრმავოს რეფორმები როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკული კუთხით, რათა სამთავრობო შტოებში, მათ შორის, შსს-ში, გაძლიერდეს ურთიერთკონტროლისა და დაბალანსების მექანიზმი.
აშშ-მა მოიწონა საქართველოს მიერ მოწმეთა ნებაყოფლობითი დაკითხვის სისტემის დანერგვა და მოუწოდა აღნიშნული მექანიზმის დროული გავრცელებისაკენ სისხლის სამართლის ყველა საქმეზე. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ დამატებითი რეფორმების განხორციელება გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების მიღწევას. აშშ-მა დაადასტურა თავისი მხარდაჭერა და შესაბამისი დახმარების გაწევის მზაობა აღნიშნული მიზნების მიღწევაში.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს პროფესიონალური საჯარო სექტორის მნიშვნელობას. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა საქართველოს მცდელობებს, გააუმჯობესოს საჯარო სამსახურის შესაძლებლობები და შეამციროს საქართველოს საჯარო მოხელეთა პოლიტიზირება ახალი კანონმდებლობის მეშვეობით, რომელიც 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდება. სამუშაო ჯგუფი აგრეთვე მიესალმა ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს.
საქართველოს მხარეს, რომელიც წარმოდგენილი იყო ფართო უწყებათაშორისი დელეგაციით, ხელმძღვანელობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.
აშშ-ის მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები იყვნენ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე რობ ბერშინსკი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელია, სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ს დახმარების კოორდინატორი ალინა რომანოვსკი და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის უცხო ქვეყნების საპროკურორო საქმიანობის განვითარების დახმარებისა და ტრენინგის ოფისის ევრაზიის რეგიონული დირექტორი ქეთრინ ნიუკომბი.
სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია წარმოადგენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ფართო და გაღრმავებული თანამშრომლობის ორგანიზებისა და პრიორიტეტიზაციის უმთავრეს მექანიზმს. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პრიორიტეტული სფეროების შესაბამისად, კომისია მოიცავს ოთხ ორმხრივ სამუშაო ჯგუფს: დემოკრატია და მმართველობა; თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები. დამატებითი ინფორმაციისათვის, იხილეთ: http://www.state.gov/p/eur/ci/gg/usgeorgiacommission/index.htm.