ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მოუწოდებს მოსახლეობას, უცხოური ვალუტა შეიძინოს ან გაყიდოს მაშინ, როდესაც ამის საჭიროება ექნება.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლარის კურსის ვარდნა ერთჯერადია და ის თავის კალაპოტში ჩადგება.
"ბაზარს ნამდვილად თვალს ვადევნებთ. ერთი მხრივ, ეს არის ერთჯერადი ტრანზაქციები, ერთჯერადი მოთხოვნები. მეორე მხრივ, მინდა, ყველას მოვუწოდო - უცხოური ვალუტა იყიდეთ მაშინ, როცა გჭირდებათ და გაყიდეთ მაშინ, როცა გჭირდებათ. არ შეიქმნათ არასწორი მოლოდინები, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდება ერთ, ან სხვა დროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სამწუხაროდ, მოსახლეობა ყოველთვის აკეთებს პირიქით - როგორც წესი, ვალუტას ყველაზე მაღალ კურსზე ყიდულობს და ყველაზე დაბალ კურსზე ყიდის. მოვლენა, რომელიც ახლა გვაქვს, ერთჯერადია და ის ჩადგება თავის კალაპოტში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.