პროკურატურას არ დაუმუშავებია და არც გაუანალიზებია ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დღეს მისი გადაადგილების შესახებ მასალები, - ამის შესახებ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა ეროსი კიწმარიშვილის ძმასთან ზურაბ კიწმარიშვილთან და ადვოკატ გაგი მოსიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ადვოკატებმა და ეროსის კიწმარიშვილის ძმამ იმ კითხვებზე ისაუბრეს, რომელზეც გამოძიებას ამ დრომდე პასუხი არ გააჩნია. კერძოდ, მერაბ ჩიქოვანის თქმით, გამოძიებას არ შეუსწავლია გარდაცვალების დღეს ეროსი კიწმარიშვილის ქალაქში გადაადგილების მასალები, ასევე არ მომხდარა სატელეფონო ზარების დამუშავება და აღნიშნული მასალები მხოლოდ მას შემდეგ გამოიკვლიეს, რაც ოჯახმა მოითხოვა. თუმცა, მერაბ ჩიქოვანი აცხადებს, რომ სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით შემაჯამებელი დასკვნა და დეტალური ინფორმაცია ოჯახისთვის და ადვოკატებისთვის ცნობილი ამ დრომდე არ გამხდარა.
ადვოკატის თქმით, დაგვიანებით მოხდა ეროსი კიწმარიშვილის პირადი სივრცის შესახებ ინფორმაციის მოძიება, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუქსა და სკაიპს ეხებოდა.
„არ მომხდარა მისი პირადი სივრცის შესწავლა. ცნობილია, რომ ეროსი კიწმარიშვილი სახლიდან გასვლამდე კომპიუტერთან იყო და მუშაობდა, თუმცა არ მომხდარა იმის დადგენა თუ რომელ ვებ-გვერდებს სტუმრობდა და რა ოპერაციებს ახორციელებდა ის. ამასთან, მას შემდეგ რაც მოვითხოვეთ ჩვენ მისი პირადი სივრცის შესწავლა და მივაღწიეთ შეთანხმებას გამოძიებასთან, მოხდა ეროსი კიწმარიშვილის ექაუნთის გატეხვა და გარკვეული მასალების წაშლა, მაგალითად, წაიშალა მისი მიმოწერა ალექსანდრე კარპოვთან. ალექსანდრე კარპოვი იყო ეროსი კიწმარიშვილის მეგობარი. კაპროვი ეროსი კიწმარიშვილთან მიმოწერას ადასტურებს ზურა კიწმარიშვილთან, თუმცა აღნიშნული მიმოწერა გამოძიებისთვის ხელმიუწვდომელია, რადგან ის ვიღაცამ წაშალა. ეს საფუძვლიან ეჭვს იწვევს მასალის დაკარგვის“, - განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის მიუყვანია და არავის არ მოუკლავს, მან თავი მოიკლა. პროკურატურამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვეტა.