იუსტიციის უმაღლესი საბჭო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სთვის სააპელაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარების ვადების საკითხს შეისწავლის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საბჭოს წევრმა ლევან თევზაძემ განუცხადა.
მისი თქმით, როგორც მოსამართლე, ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებს, ვინადან ის სისხლის სამართლის მოსამართლეა და არა სამოქალაქო სამართლის და შესაბამისად, გადაწყვეტილების შეფასება არ შეუძლია.
"არის კონკრეტული პრეტენზიები, გვექნება მასალები, განვიხილავთ ამ ყველაფერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმატში და მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა მოსამართლემ.
გუშინ, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განჩინება ტელეკომპანიას იმეილის საშუალებით გაუგზავნა, რაც ვადების დარღვევით მოხდა. გვარამიას თქმით, ტელეკომპანიის მხარე გეგმავდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება 30-ე დღეს, კანონით გათვალისწინებულ ვადებში მიეღო, რათა მათთვის მიცემული დრო ბოლომდე გამოეყენებინა, თუმცა გვარამია აცხადებს, რომ სასამართლომ ტელეკომპანიას კუთვნილი 18 დღე მოპარა და განაჩენი დროზე ადრე გადაუგზავნა, რისი უფლებაც, სასამართლო ხელისუფლებას არ ჰქონდა.