დავით-გარეჯში ნგრევის პროცესი მთლიანად ვერ შეჩერდება

დავით-გარეჯში ნგრევის პროცესი მთლიანად ვერ შეჩერდება

დავით-გარეჯის უნიკალური კომპლექსის ირგვლივ ბოლო დღეებში მეტად შემაშფოთებელი ცნობები ვრცელდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა ამტკიცებს, რომ დავით-გარეჯში ნგრევის პროცესის მთლიანად შეჩერების ტექნოლოგია მსოფლიოში ჯერ არ არსებობს.

 

დაზიანებები, გარდა კლიმატური პირობებისა, გამოიწვია ასევე წლების განმავლობაში იქ განლაგებულმა რუსულმა ბაზამ, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობდა საარტილერიო სწავლებები. 

 

„კომპლექსის რესტავრაცია საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს.  არის ე.წ. „დემიჯ კონტროლ“-ის, ანუ დაზიანების ლიმიტირების ტექნოლოგია, რომელსაც ჩვენ მივმართავთ.  აუცილებელია, უახლოეს მომავალში დავიწყოთ კომპლექსის რესტავრაცია, - განაცხადა რურუამ.

 

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კომპლექსში არსებულ ვითარებას ამჟამად კულტურული მემკვიდრეობის სფეროს წარმომადგენლების, ექსპერტებისა და რესტავრატორების სპეციალური ჯგუფი სწავლობს, რომელიც მონასტრის სატრაპეზოს ფასადის ჩამოშლის შემდეგ შეიკრიბა.

 

„მონასტრის მდგომარეობა ნაწილობრივ შესწავლილია და მისი რესტავრაცია ჯერ კიდევ 2005 წლიდან მიმდინარეობდა, თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, რომ თავად კლდე, რომელზეც სამონასტრო კომპლექსია გაშენებული, იშლება, ხოლო კლდის გამაგრების კონკრეტული მეთოდი მსოფლიოში არ არსებობს.

 

სპეციალისტები მუშაობას აგრძელებენ და სამონასტრო კომპლექსის გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებენ“, - აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

 

სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი კი ამტკიცებს, რომ სამონასტრო კომპლექსის ცენტრალურ ნაწილს საფრთხე არ ემუქრება.

 

„ყოველ კონკრეტულ სენაკში წერტილოვანი სამუშაოებია გასატარებელი. მეცნიერები მზად არიან, სერიოზული დასკვნები დადონ, რის შემდეგაც სამუშაოები დაიწყება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კედლის მხატვრობის შენარჩუნება და ამ მიზნით შესაძლოა, ფრესკების ჩამოხსნა მოხდეს, თუმცა აქაც შერჩევის პრინციპით ვიმოქმედებთ.

იქ სადაც შესაძლებელია შენარჩუნება, ფრესკა დარჩება, ხოლო იმათ, რომელთა გადარჩენა ადგილზე ვერ მოხერხდება, მუზეუმეში და შესაფერის ადგილას გადავიტანთ.

 

საერთოდაც, შევეცდებით ვიმოქმედოთ პრინციპით: ზოგი ჭირი მარგებელია და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი უფრო მიმზიდველი და დაცული გავხადოთ“, - განაცხადა ვაჩეიშვილმა.

 

ამასთან, მისივე თქმით, დავით გარეჯის ცენტრალურ მონასტერს საფრთხე არ ემუქრება და ბერებიც ჩვეულებისამებრ განაგრობენ მოღვაწეობას.

 

„ტურისტებს მოვუწოდებ, ნუ შეეშინდებათ დავით გარეჯში ჩასვლის. სიცოცხლისთვის სახიფათო იქ არაფერი ხდება. სამონასტრო კომპლექსის ცენტრალურ ნაწილს და მთავარ მონასტერს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. პრობლემა არის უფრო ზევით, ლავრასა და ორ მონასტერში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც უკვე განსაკუთრებულ ტურისტულ მარშრუტებს განეკუთვნება“, - განაცხადა ვაჩეიშვილმა.

 

გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადარჩენის საქმეში, შესაძლოა, მსოფლიო სპეციალისტები ჩაერთონ. როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა აცხადებს, კომპლექსის გადასარჩენად ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს და თუ საჭირო გახდება, მსოფლიოდან მეცნიერებსა და სპეციალისტებსაც მოიწვევს.

 

ამჟამად კი გარეჯის დედათა მონასტრის რეკონსტრუქცია თანხის უქონლობის გამო შეჩერებულია. ამის შესახებ რადიო „ჰერეთს“ თელავის რაიონის სოფელ აკურის დედათა მონასტრის მშენებელ-რესტავრატორმა ჯემალ სუხიაშვილმა ამცნო.

მისივე ვარაუდით, უახლოეს დღეებში ხარჯთაღრიცხვა განხორციელდება, რის შემდეგაც თანხები ჩაირიცხება და სამუშაოები გაგრძელდება.

 

შეგახსენებთ, რომ აკურის დედათა მონასტრის რეკონსტრუქცია 2009 წელს დაიწყო. სამუშაოებისთვის 40 ათასი ლარი გამოიყო. არსებული თანხით კედლებს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა დასახურავი შეიცვალა.

 

დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი უნიკალური სამონასტრო კომპლექსი გარე კახეთში, გარეჯის მთის ნახევრადუდაბნოში, 25 კილომეტრზეა გაშენებული. მონასტერი VI საუკუნეში 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა, წმინდა დავით გარეჯელმა დაარსა. წმიდა დავითი გარეჯის მთის ბუნებრივ გამოქვაბულში დასახლდა და აქ შექმნა პირველი მონასტერი, რომელსაც დღეს წმიდა დავითის ლავრა ეწოდება.

 

იმავე საუკუნეში მისმა მოწაფეებმა კიდევ ორი სამონასტრო განშტოება - დოდოს რქა და ნათლისმცემელი დააარსეს. IX საუკუნეში წმიდა ილარიონ ქართველმა, მოგვიანებით კი მეფე დემეტრე პირველმა მონასტერი გააფართოვეს და გადააკეთეს.