მოხარული ვართ, რომ პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა გუშინ გააკეთა განცხადება, რომლითაც სახელმწიფო მოხელეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ პოლიტიკაში ჩართვისგან საარჩევნო პერიოდში, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თომას მელიამ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დღევანდელ შეხვედრაზე, განვიხილავდით რა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს და მომავალ არჩევნებს, შევეხეთ მრავალ საკითხს. მოხარული ვართ, რომ პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშილმა გუშინ გააკეთა განცხადება, რომლითაც სახელმწიფო მოხელეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ პოლიტიკაში ჩართვისგან საარჩევნო პერიოდში. ადმინისტრაციული რესურსების არასწორად გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პრობლემა იყო აქ და ბევრ სხვა ქვეყანაში. ახლა მნიშვნელოვანია, მთავრობამ განმარტოს როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე დანარჩენი მოქალაქეებისთვის, თუ რას ნიშნავს რესურსების არასწორი ხარჯვა და რომ ეს მონიტორინგს ექვემდებარება“, - განაცხადა მელიამ.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი, ისევე, როგორც უშუალოდ არჩევნების დღე, მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკურ ძალებს, სახელმწიფო უწყებებსა და საზოგადოებას საგანგებო განცხადებით მიმართა. მან მოუწოდა ყველას, უმოკლეს დროში მიიღონ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსი. ასევე, მოუწოდა სახელმწიფო უწყებებს, მის თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ნაბიჯებს, რათა არ მოხდეს მათი შესაძლო გამოყენება რომელიმე მხარის სასარგებლოდ, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიისა.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს რესურსზე მაქსიმალურად თანაბარი ხელმისაწვდომობა. მინდა ყველას მოვუწოდო, არ დაუშვათ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.