ქართული სოფელი გახდება ეკონომიკურად ძლიერი

ქართული სოფელი გახდება ეკონომიკურად ძლიერი

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ხელისუფლება აქტიურად თანამშრომლობს როგორც კერძო სექტორთან, ასევე, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან.

სასტუმრო "რედისონში", "ერთიანი აგროპროექტის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა, რითაც უკვე ასეულობით დონორმა ისარგებლა.

"ჩვენი ფერმერებისა და მეწაარმეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ფინანსური რესურსი. ახალი საწარმოების შექმნამ განაპირობა აგრარული სისტემის სტიმულირება. გაიზარდა ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის წარმოება. გადავწყვიტეთ, დღეიდან, ყველა მიმდინარე პროექტს თავი მოვუყაროთ ერთიან აგროპროექტში, რათა ჩვენი მუშაობა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს, სახელმწიფო პროექტებით სარგებლობამ ხალხს კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოუტანოს", - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ერთიანი აგროპროექტით მომსახურება სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში იგეგმება.

„რა თქმა უნდა, სოფლებში კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, მაგრამ ყველაფერს მოვაგვარებთ. სოფლის გასაძლერებლად საკმარისი რესურსი გვაქვს. ჩვენი პროდუქცია უნდა გავხადოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. ამ მიზანს ნამდვილად მივაღწევთ. საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქტი საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს ევროპისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე. ქართული სოფელი გახდება ეკონომიკურად ძლიერი და ჩვენი ხალხი - წელში გამართული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.