ეშტონ კარტერი:  რუსეთის აგრესიის შეკავებისთვის ნატო-მ მეტი უნდა გააკეთოს

ეშტონ კარტერი: რუსეთის აგრესიის შეკავებისთვის ნატო-მ მეტი უნდა გააკეთოს

ევროატლანტიკური საზოგადოება ახალი გამოწვევების წინაშე დგას - აღმოსავლეთში ეს არის რუსეთი, რომელიც აგრესიულად მოქმედებს და ჰიბრიდულ ომს ახორციელებს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა ვაშინგტონში, უსაფრთხოების საკითხებს მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.

„მიუხედავად პროგრესისა, რომელიც ცივი ომის შემდგომ მივაღწიეთ, რუსეთი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით, საჰაერო სივრცეში, კოსმოსსა და კიბერსივრცეში არაპროფესიონალური ქმედებებით და ბირთვული იარაღის ჟღარუნით, ბოლო წლებში მზადაა ძირი გამოუთხაროს იმ საერთაშორისო წესრიგის პრინციპებს, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, საერთაშორისო საზოგადოებას და თავად რუსეთსაც კარგ სამსახურს გვიწევდა“, - განაცხადა ეშტონ კარტერმა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთის აგრესიის შეკავებისთვის ნატო-მ მეტი უნდა გააკეთოს, აღნიშნულ საკითხზე ალიანსის წევრები მომავალ თვეს დაგეგმილ ვარშავის სამიტზე იმსჯელებენ.

„რუსეთის აგრესიული ქმედებები მხოლოდ მის შემდგომ იზოლირებას და ნატო-ს უფრო მეტ გაერთიანებას გამოიწვევს“, - აღნიშნა ეშტონ კარტერმა.