სტასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ზედმიწევნით უნდა იქნას შესწავლილი - კრისტიან ურსე

სტასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ზედმიწევნით უნდა იქნას შესწავლილი - კრისტიან ურსე

ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ზედმიწევნით შეასრულებს.

"სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ზედმიწევნით უნდა იყოს შესწავლილი და მჯერა საქართველოს ხელისუფლება ასეც მოიქცევა. ხოლო შემდგომში განმარტავს, რა ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ვერ შევაფასებ", - განაცხადა ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის საქმეზე, რომელიც გაგრძელდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე.

დღეს გამოტანილი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მოყვანილი დასკვნები ეხება მხოლოდ წინასწარი პატიმრობის პერიოდს და არ ეხება სასჯელის მოხდის პერიოდს.

არ დარღვეულა კონვენციის 5.1 მუხლი (წინასწარი პატიმრობის კანონიერება). მერაბიშვილი თავისი წინასწარი პატიმრობის უკანონობას ამტკიცებდა და ტიმოშენკოს პრეცედენტი მოჰყავდა მაგალითად, რაც სასამართლომ არ გაიზიარა და მერაბიშვილი არ სცნო პოლიტიკურ პატიმრად.

არ დარღვეულა კონვენციის 5.3. მუხლი 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებებით- წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას, მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლება სასამართლოს მიერ.

დაირღვა კონვენციის 5.3. მუხლი 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით -წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას, მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლება სასამართლოს მიერ.

დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი-წინასწარი პატიმრობის სხვა მიზნებით გამოყენების აკრძალვა, ვიდრე ამას ითვალისწინებს კანონი, 5.1 მუხლთან კავშირში.

ვანო მერაბიშვილის დაცვის მხარის არგუმენტის თანახმად, 2013 წლის 14 დეკემბერს მომხდარი ინციდენტისას იგი წაიყვანეს იძულებით მთავარ პროკურორთან და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსთან, რომელთაც მას მოთხოვეს აღიარებითი ჩვენება.

ასევე, სასამართლოს დასკვნაში, პატიმრის განცხადება, რომ იგი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორების მიზნით დააკავეს, მოხსენიებულია, როგორც ვანო მერაბიშვილის არგუმენტი.

დარღვევებისთვის  სასამართლომ  ვანო მერაბიშვილს მიანიჭა 4 000 ევრო მორალური კომპენსაცია. თუმცა, თავად ითხოვდა 15 000 ევროს.

მის ადვოკატებს ჰონორარად კომპენსაცია მიენიჭათ  4-4 000 ევრო, თუმცა, ბრიტანელი ადვოკატო ითხოვდა 5 600 ევრო ჰონორარს, ოთარ კახიძე კი 35 600 ევროს.