გენმოდიფიცირებული პროდუქტების მარკირებაც კი არ ხდება

გენმოდიფიცირებული პროდუქტების მარკირებაც კი არ ხდება

გენმოდიფიცირებულ პროდუქციასთან დაკავშირებული პრობლემები პარლამენტში დრო და დრო ახსენდებათ. ერთ-ერთი ასეთი „დრო“ სწორედ ახლა დადგა. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გია თორთლაძე ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიის გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან გათავისუფლებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. როგორც თორთლაძემ აცხადებს, ქვეყნის ეკონომიკური ვექტორის ტურიზმის განვითარებისკენ გადახრის პირობებში, აუცილებელია მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღოს.

 

მისი თქმით, ანტიკრიზისული საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელთან მოხერხდა შეთანხმება, რომ 2010 წლის ბოლომდე საქართველოში შემოტანილი გენმოდიფიცირებული პროდუქტების მარკირება მოხდებოდა, თუმცა ასე არ ხდება.

 

თორთლაძის განმარტებით, მოგვიანებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება პარლამენტთან შეთანხმებით გადავადდა, თუმცა, დადგა დრო, მთავრობამ მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება დააჩქაროს. გია თორთლაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ტერიტორიის გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან გათავისუფლება უცხოელი ტურისტების დაინტერესებას მკვეთრად გაზრდის.

 

დიდი ხანია მთავრობის პოზიციას უკვე უმრავლესობის წარმომადგნელებიც კი უპირისპირდებიან. ამ მხრივ კი განსაკუთრებით გიორგი გოგუაძის აქტიურობა შეიმჩნევა. მას მომზადებული აქვს კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას ითვალისწინებს, თუმცა მთავრობას არც მისი კანონპროექტის განხილვა სურს. ყოველ შემთხვევაში, კანონპროექტი წელიწადნახევარია მომზადებულია და მთავრობა მის განხილვას, როგორც შეუძლია, აჭიანურებს.

 

ექსპერტები კი პირდაპირ მიუთითებენ, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქცია მავნებელია და ამის დასტურად უცხოელი მეცნიერები დასკვნებს იშველიებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქციის მავნებლობა უკვე ყველა განვითარებულ ქვეყანაში აღიარებულია, მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლა არ სურს. თუმცა, იმის გამო, რომ ევროპა საქართველოსგან საკვები პროდუქტების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით წარმოებას მოითხოვს, ოპოზიცია იმედოვნებს, რომ მთავრობას ამ საკითხის გასათვალისწინებლად არც ისე დიდი დრო აქვს დარჩენილი.

 

ყოველ შემთხვევაში, ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულების თანახმად, ორ წელიწადში მაღალი რისკის შემცველი პროდუქტების მწარმოებელი ყველა კომპანიისთვის სავალდებულო გახდება წარმოების საბჭოური სტანდარტებიდან საერთაშორისოზე გადასვლა. სწორედ ამიტომ ოპოზიცია ეჭვობს, რომ ხელისუფლება დიდ ფინანსურ მოგებას ნახულობს და საკითხის გადადებაც ამიტომ აწყობს, რომ „რაც შეიძლება მეტი გამორჩენა ნახოს“.

 

„ეს არის ერთადერთი შესაძლო მიზანი, თუ რატომ ეწინააღმდეგება მთავრობა იმას, რაც ყველა ნორმალურ და ცივილიზებულ სამყაროში მიღებულად ითვლება. ის არგუმენტი, რომ, თითქოს, გენმოდიფიცირებული პროდუქცია ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, უბრალოდ, სასაცილოა და ამით ბავშვსაც კი ვეღარ მოატყუებ. მე ის უფრო მაწუხებს, რომ ასეთი უგუნური პოლიტიკით ქვეყანას ღუპავენ. ჩვენ მთლიანად აკრძალვას ხომ არ ვითხოვთ. საუბარია იმაზე, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რას ჭამს და არ შემოვიდეს გენმოდიფირებული თესლი, ვინაიდან ეს ბუნებრივ თესლს გაანადგურებს და ამ პრობლემის მოგვარებას ათეულობით წლები დასჭირდება.

 

საქართველო ისეთი პატარა ქვეყანაა, რომ მსოფლიო ბაზარზე თავის დამკვიდრება მხოლოდ ბუნებრივი და სუფთა პროდუქციით შეუძლია. მით უმეტეს, რომ ეს პროდუქცია გაცილებით ძვირია, ვიდრე გენმოდიფიცირებული და არ მესმის, რა არის აქ ასეთი ძნელად გასაგები. პრობლემა ის არის, რომ ჩვენი ხელისუფლება მხოლოდ დღევანდელ დღეზე ფიქრობს და არ უყურებს იმას, ხვალ რა დღეში შეიძლება აღმოჩნდეს“, - აცხადებს მრეწველი ზურაბ ტყემალაძე.