ზუგდიდი, საქართველო – იმ ადგილამდე მისაღწევად, სადაც საქართველოს მთავრობა პირველ ნაბიჯებს დგამს ახალი, მომავლის გრანდიოზული ქალაქის, ლაზიკის ასაშენებლად, შინაურ ცხოველებს, ბალნიან ძროხებსა და უზარმაზარ, ლაქებიან ღორებს უნდა აუაროთ გვერდი. ისინი გზაზე წამოწოლილან და უთვალავი ბაყაყის ჰიპნოტურ ყიყინში მზეს ეფიცხებიან. გზად მიმავალი, სხვადასხვა აზრს მოისმენთ პროექტზე, რომელიც შავი ზღვის გასწვრივ გადაჭიმულ ჭაობიან ადგილზე ნახევარმილიონიანი ქალაქის აშენებას გულისხმობს. პროექტი მყისიერი ქალაქის ჩინურ კონცეფციას ეფუძნება.
ხატია ოჩიავა, მასწავლებელი სოფლიდან, რომელიც სამშენებლო ტერიტორიის ახლოს მდებარეობს და რომელშიც 330 მოსახლეა, ისე არის შთაგონებული იდეით, რომ პრაქტიკულად ყოველდღე ნახულობს სამთავრობო სარეკლამო ვიდეორგოლს, სადაც კომპიუტერული ანიმაციის მეშვეობით არის ნაჩვენები დუბაის მსგავსი ცათამბჯენების ჯგუფები და ხალხმრავალი საზღვაო პორტი. ოჩიავა უკვე გეგმავს იმ რესტორნის გახსნას, რომელსაც ”კაფე ლაზიკას” დაარქმევს.
სხვებს, მაგალითად 38 წლის კახა ფაჩხუას, ქალაქთან დაკავშირებით საკუთარი ეჭვები აქვს. ის მეგრელია (ანუ იმ ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნება, რომელიც აქ საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობს), და სამშენებლო ტერიტორიის საზღვარზე მუშაობს. მისი თქმით, ნიადაგი აქ იმდენად ნოტიოა, რომ დაგეგმილი მაღალსართულიანი ნაგებობების აშენებისთვის, საძირკველი დაახლოებით 80 ფუტის სიღრმეზე უნდა ჩაიყაროს.
“ნებისმიერი მეგრელი გეტყვით, რომ აქ მშენებლობა შეუძლებელია,” ამბობს ის და დაჭაობებულ ადგილს გადასცქერის. ”ლაზიკა – მხოლოდ სიტყვაა – ლაზიკა. სხვა აქ არაფერი არის. ეს უზარმაზარი ნაგებობები; არ ვიცი, როგორ გაუძლებს მათ ჭაობი.”
მთავრობის წარმომადგენლებს სკეპტიკოსებისთვის დრო არ რჩებათ. საქართველოში მიმდინარე მშენებლობების თავბრუდამხვევი ტემპი დაფინანსების, ეკოლოგიური ზემოქმედების ან სიკეთის საჯარო განხილვების საშუალებას არ იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, ლაზიკას პირველი ფუტურისტული სამთავრობო ნაგებობის შენება უკვე დაწყებულია და ის სექტემბერში უნდა გაიხსნას. პრეზიდენ მიხეილ სააკაშვილის თქმით, ათი წლის მერე, ლაზიკა თბილისის შემდეგ, სადაც 1.5 მილიონი მცხოვრებია, საქართველოს სიდიდით მეორე ქართული ქალაქი და შავი ზღვის წამყვანი სავაჭრო კვანძი იქნება.
სააკაშვილი თანამდებობაზე 2004 წელს მოვიდა და მას მერე მისი მმრათველობა დიდი იდეების მთელ წყებას ქმნის: კორუმპირებულობით ცნობილი საგზაო პოლიციის დათხოვნა; ქვეყნის მეორე ენად რუსულის მაგიერ ინგლისურის გამოცხადება; პარლამენტის გადატანა თბილისიდან ქუთაისში, პატარა ქალაქში, რომელსაც თბილისს სამი საათი სავალი გზა აშორებს; და ახლა, სრულიად ახალი ქალაქის აშენებით ქვეყნის აგრარულ დასავლეთში სიღარიბესთან შერკინება.
”მთავარი მიზეზი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას ასე სწრაფად ვცვლით ასეთია- ჩვენ საკმაოდ ჭკვიანები, ძალიან ახალგაზრდები ვართ და ყველაფერის სწრაფად გაკეთება გვინდა,” ამბობს გიორგი ვაშაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელიც ზედამხედველობს გაკრიალებული სამთავრობო ნაგებობების მშენებლობას მთელ ქვეყანაში. ”ჩვენ არა გვაქვს დრო ისე, როგორც აქვთ ევროპაში ან ამერიკაში, რომ ათი წელის ვიფიქროთ პროექტზე და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ მისი განხორციელება. ამიტომაა, რომ ხანდახან ჩვენ ამ ტიპის გიჟური იდეები გვიჩნდება.”
ლაზიკის იდეა ოთხი თვის წინ გაჟღერდა. სააკაშვილი ზუგდიდს სტუმრობდა, ქალაქს, რომელშიც 65 000 ადამიანი ცხოვრობს და რომელიც თანდათან კარგავს მოსახლეობას. რეგიონი, რომელშიც მანდარინი და თხილი მოჰყავთ, ძალიან დაზარალდა, როდესაც 2005 და 2006 წელს რუსეთმა თავისი ბაზარი ქართული საქონლისთვის დახურა და როდესაც ორი წლის შემდეგ რუსულმა ჯარმა მეზობელი სეპარატისტული რეგიონი, აფხაზეთიც გადაკეტა. ადგილობრივი მოსახლე, 50 წლის ქეთევან ღვინჯილია ამბობს, რომ ის ადგილობრივები, ეკონომიის გამო, სინათლეს მხოლოდ ერთ ოთახში ანთებენ.
”ჩვენ აქ ვაკუუმში ვზივართ, ” ამბობს ის და დასძენს, რომ რეგიონში ისეთი ეკონომიკური სტაგნაცია დაიწყო, რომელიც მას სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის წინა პერიოდს აგონებს. ”ჩვენ ჯერ არ მივსულვართ იმ წერტილამდე, მაგრამ თანდათან ვუახლოვდებით მას,” განაცხადა მან.
4 დეკემბრის გამოსვლაში პრეზიდენტმა აღიარა ის, რომ ზუგდიდი გაჭირვებაშია და განაცხადა, ”ჩვენ გვჭირდება დიდი გარღვევა, რომ აღარ გვქონდეს სიღარიბე”.
ასეთი გარღვევა, მისი თქმით, იქნებოდა 18 მილის მოშორებით აგებული სრულიად ახალი ქალაქი და საზღვაო პორტი. ამგვარი იდეა ახლა ჩვეულებირივ რამაა ჩინეთისთვის, რომელმაც სოფლიდან წამოსული თავისი მიგრანტების ნაკადისთვის ათიოდე ახალი ქალაქი გააშენა, თუმცა ევროპისთვის მსგავსი რამ სრულიად უჩვეულოა. ვაშაძე ამბობს, რომ ინტერნეტში საიტებს ათვალიერებდა, როდესაც ე.წ. “ქარტიის ქალაქის” იდეას წააწყდა. ასეთ ქალაქებს განსხვავებული რეგულაციები და სასამართლო სისტემები აქვთ, ისეთი, როგორმაც შეიძლება მოიზიდოს უცხოელი ინვესტორები აქ ქარხნების ასაშენებლად.
“და ჩვენ ასეთი იდეა გაგვიჩნდა – რატომ არ შეიძლება ეს საქართველოში გავაკეთოთ?” განაცხადა მან. “ჩვენ ძიება დავიწყეთ და აქ, შავი ზღვის სანაპიროზე თავისუფალ სივრცეს მივაგენით.”
ის, რომ ეს ადგილი დაჭაობებულია, პრობლემას არ ქმნის, დაასკვნა მან, რადგან “თუ ჩინეთში წახვალთ, ნახავთ, რომ ჩინეთში ახალ ქალაქებს სულ ჭაობზე აშენებენ.”
როდესაც ვკითხეთ, თუ რამდენი ჩინოვნიკი მუშაობს ლაზიკას გეგმაზე სრული სამუშაო დღის განმავლობაში, მან თქვა, რომ ასეთი ერთია, თუმცა დასძინა, რომ 10-დან 15 კაცამდე პროექტს სამუშაო დროის ნაწილს უთმობს.
პრეზიდენტის განცხადებამ კითხვების მთელი ტალღა გამოიწვია. ის ადგილი, სადაც უნდა აშენდეს ქალაქი, კოლხეთის ჭაობის ზღვარზე მდებარეობს. 1997 წელს საქართველომ რამსარის საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში ვალდებულება აიღო დაიცვას ამ ტერიტორიის დაახლოებით 82,000 აკრი. მაგრამ კონვენციას, რომლის შესრულებასაც შვეიცარიიდან აკვირდებიან, არ გააჩნია დამრღვევთა დასჯის მექანიზმი, თუმცა მასში ნათქვამია, რომ შუქმნის “პოლიტიკურ და დიპლომატიურ დისკომფორტს მაღალი რანგის ფორუმებსა და მედიაში” მათ, ვინც კონვენციის პირობებს დაარღვევს. ჯეჯერობით საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ჭაობების დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემეზე სკეპტიკურად რეაგირებს.
“გეთაყვა, დამეხმარეთ და მითხარით ვის მოვიზიდავ ამ ჭაობების სანახავად, ვინ გაიღებს შემოწირულობებს, ვინ გადაიღებს ფოტოებს, დაწერს მასზე, დახარჯავს აქ ფულს, მოუყვება სხვებს, რომ ეს “ეს ჭაობები ძალიან მაგარია!” – უთხრა თებერვალში მინისტრმა გიორგი კახიძემ სტუდენტებს.
თუმცა გაჩნდა პრაქტიკული ხასიათის კითხვებიც: მაგალითად, როგორ მიიზიდავს ლაზიკა ნახევარ მილიონ მოსახლეს, როდესაც ქვეყანაში მთლიანად დაახლოებით 4.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო პოპულაცია არც იზრდება და არც მისი ურბანიზირიბა შეიმჩნევა.
დაფინანსება კიდევ ერთი პრობლემაა: ოთხი თვის წინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ რამდენიმე მსხვილ ევროპელ და აზიელ ინვესტორთან მოლაპარაკება დაიწყო. მათ უნდა გადაეხადათ გრძელვადიანი სამშენებლო ხარჯები, რომლებიც, პრეზიდენტის გათვლით, 600 მილიონი დოლარიდან 900 მილიონ დოლარამდე მერყეობს. ჯერჯერობით საჯაროდ ვალდებულება საკუთარ თავზე არც ერთ ინვესტორს არ აუღია, ამიტომ უცნობია ის, თუ ამ ხარჯიდან რამდენი დააწვება ტვირთად საქართველოს ბიუჯეტს, რომელიც გასულ წელს $4.2 მილიარდს შეადგენდა.
“არ ვიცი რა ეღირება და რამდენი დაიხარჯება ბიუჯეტიდან”, ამბობს ეკა გიგაური, “საერთაშორისო გამჭვირვალობიდან”, ანტიკორუფციული ჯგუფიდან. ამ ჯგუფმა 11 აპრილს გამოაქვეყნა ახალი კვლევა, რომელშიც დოკუმენტირებულია სამთავრობო სამშენებლო პროექტების, კერძოდ კი გზების მშენებლობების გამო მიწის მფლობელთა უფლებების დარღვევის ფაქტები. ის ამბობს, რომ სააკაშვილის ზოგიერთმა სამშენებლო პროექტემა, კერძოდ კი გზების მშენებლობამ საქართველოს დიდი სარგებლობა მოუტანა, მაგრამ მან ეჭვი გამოთქვა ლაზიკის პრიორიტეტულობის გამო.
“იმდენი რამ არის გასაკეთებელი,” ამბობს ის. “რატომ ვაშენებთ სრულიად ახალ ქალაქს? რა დგას ამის უკან? არაფერი არ განუმარტავთ. უბრალოდ პრეზიდენტმა განაცხადა – “ჩვენ აქ ახალ ქალაქს ვაშენებთ.”
იგივე კითხვები უჩნდებათ რიგით ქართველებს; გამოკითხვამ, რომელიც გასულ თვეს ნაციონალურმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ჩაატარა, აჩვენა, რომ იმ ადამიანთა 59 პროცენტი, ვინც ინფორმირებულია მშენებლობის შესახებ, პროექტს მხარს უჭერს, მაგრამ 68 პროცენტმა განაცხადა, რომ მანამდე პარლამენტში საჯარო დისკუსიები უნდა ჩატარებულიყო. კახა ბახტაძე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის წარმომადგენელი, ამბობს, რომ ძნელია ამ მშენებლობის ეკოლოგიური ზემოქმედების გარშემო სერიოზული დებატების გამართვა, რადგან მთავრობას ჯერჯერობოთ გეგმა არ გამოუქვეყნებია. მას ლაზიკის აშენებაში ეჭვი არ ეპარება.
“მთავრობამ და პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ აქ იქნება ქალაქი,” ამბობს ის. “როდესაც ჩვენი პრეზიდენტი რაიმეს აცხადებს, ეს ასეც ხდება”.
და მართლაც დედაქალაქიდან 200 მილის მოშორებით, ინჟინერი მერაბ ჩხკივაძე, ეს ბოლო დღეებია ათზე მეტი კაცისგან შემდგარ ჯგუფს ზედამხედველობს. დგუში ტალახიან წყლის შხეფებს ისვრის 72 ფუტის სიღრმის ორმოდან, რომელიც საჯარო ნაგებობის ფუნდამენტს ქმნის და ჩხიკვაძე ამბობს, რომ მას ისტორიაში თანამონაწილეობის განცდა აქვს. ის იმ ანდაზას იხსენებს, სადაც მამაცთა ჯილდოზეა ლაპარაკი. მაგრამ გარდა ამ მშენებარე სახლისა, მის გეგმაზე ექვსხაზიანი წრიული გზა არის გამოსახული და სხვა არაფერი. “ზუსტად არ ვიცი” – პასუხობს ის ჩვენ კითხვას იმის შესახებ, თუ როგორი იქნება დანარჩენი ქალაქი. “მაგრამ გეგმა, რაღა თქმა უნდა, არსებობს.”
foreignpress.ge