სააკაშვილმა ქობალია საჩუქრებით გაავსო, ახლა საძოვრებს ჩუქნის

სააკაშვილმა ქობალია საჩუქრებით გაავსო, ახლა საძოვრებს ჩუქნის

შესაძლოა გაზაფხულისთვის გლეხებმა საძოვრებზე ნაზამთრალი ძროხები ვეღარც გაიყვანონ. სოფლებში მცხოვრებლების განცხადებით, ისინი უკვე გააფრთხილეს, რომ საძოვრები ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება გახდება. ეკონომიკის სამინისტროში კი ამ თემაზე საუბარი არ სურთ. კანონი საძოვრების ცენტრალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტმა ივლისში დაამტკიცა.

 

მორიგი სამთავრობო იდეა ასეთია – საძოვრები გადაეცემა ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც შემდეგ გაიყიდება ან იჯარით გაიცემა, საძოვრების მფლობელი გლეხებს პირუტყვის გამოკვებისთვის ფულს გადაახდევინებს. ანუ მთავრობა ამ გადაწყვეტილებით ორ კურდღელს დაიჭერს: ქობალიას სამინისტრო საპრივატიზაციო გეგმას შეასრულებს, ბიუჯეტს კი გადასახადების სახით დამატებითი შემოსავალი გაუჩნდება.

 

საძოვრების ჩამორთმევის გამო ჯერჯერობით, მთის მოსახლეობა გამოთქვამს ღია პროტესტს. სვანეთში ჩვენთან საუბარში ამ ინიციატივასთან დაკავშირებით აღშფოთებას ვერ მალავენ.

 

„უკვე გვაცნობეს, რომ საძოვრები სახელმწიფოს უნდა გადაეცეს.  ჩვენ კი ჩვენს მიწაწყალზე ჩვენი საქონელი რომ გამოვკვებოთ თურმე ფული უნდა გადავიხადოთ. მთავრობას ტყუილად აქვს იმედი, რომ რაიმეში ფულს გადავიხდით. არც კი გაბედონ ჩვენთვის საძოვრების ჩამორთმევა. ერთი გამაგებინეთ ბალახი ძროხას უფრო სჭირდება თუ ეკონომიკის სამინისტროს“, - ამბობენ მესტიის რაიონში მცხოვრებლები.

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი საძოვრების ცენტრალურ ხელისუფლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტმა ივლისის ბოლოს სესიებზე დაამტკიცა. ამ ინიციატივამ მოსახლეობას ბევრი კითხვა გაუჩინა - მთავრობა კომუნისტური წყობის აღდგენას ხომ არ გეგმავს ან სადღაც, მაგალითად, ჩხოროწყუს საძოვარი ცენტრმა როგორ უნდა მართოს.

ეს ინიციატივა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლაშა თორდიამ იმით ახსნა, რომ სახელმწიფო ერთიან სტრატეგიას ამუშავებს. თორდიას თქმით, ცენტრალური ხელისუფლება საძოვრებს უკეთ მართავს. რას ნიშნავს უკეთ მართვა, ეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა განმარტა.

 

მისი თქმით, ხშირად იყო გაუგებრობები, როდესაც ერთი ადგილობრივი თვითმმართველობა მეორის მცხოვრებს საძოვრის მოხმარების საშუალებას არ აძლევდა, რაც ბევრ გაუგებრობას და პრობლემას ქმნიდა. „სწორედ ამიტომ გადაწყდა, ეს საძოვრები ცენტრალური ხელისუფლების მფლობელობაში გადავიდეს.

სინამდვილეში დავა იმის გამო კი არ არსებობს, რომ ამ საძოვრებს ვინმე უკეთ ვერ მართავს, ბევრ რაიონში საძოვრების სიმცირეა და დაპირისპირება სოფლებს შორის სწორედ ამის გამო წარმოიშვება ხოლმე“. 

 

თუმცა, მელიქიშვილის არგუმენტი ამ შემთხვევაში არ გამოდგება. საძოვარი თუ ცოტაა, ის გინდ ცენტრალურმა ხელისუფლებამ მართოს და გინდ ადგილობრივმა - მოსახლეობის მორიგებას ვერცერთი მხარე ვერ მოახერხებს. რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი კომიტეტის წევრის ბეჟან ხურციძის განცხადებით, ამ ინიციატივით გამოდის, რომ თვითმმართველობებს აღარაფერი რჩებათ.

 

„ვერ წარმომიდგენია საძოვრები ცენტრმა როგორ უნდა მართოს.  კომუნისტური ხანაში ხომ არ ვბრუნდებით?“, - უკვირს ბეჟან ხურციძეს.

 

ექსპერტის დავით ნარმანიას განცხადებით, ყველა ქვეყანაში მიწებისა და საძოვრებს ადგილობრივი თვითმმართველობები განკარგავს. მისი თქმით, საძოვრების ცენტრისთვის გადაცემა გაუგებარია.

 

„საინტერესოა, ამ ინიციატივის ავტორებს როგორ წარმოუდგენიათ, რომ რომელიღაც სოფლის საძოვარი ეკონომიკის სამინისტრომ მართოს. ჯერ ერთი, რომ ეს ინიციატივა თვითმმართველობების ცენტრზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო ზრდის, გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ საძოვრების ეკონომიკის სამინისტროს მიერ მართვა წარმოუდგენელია“, - ამბობს ნარმანია.

 

აღსანიშნავია, რომ  ხელისუფლება თვითმმართველობების დამოუკიდებლობის ხარისხზე ხშირად ლაპარაკობს, მაგრამ უფლებებს თანდათან ართმევს.