გაჭირვებული ოჯახების ქულები საარჩევნო “ქულების აწევისთვის”

გაჭირვებული ოჯახების ქულები საარჩევნო “ქულების აწევისთვის”

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სარეიტინგო ქულების მინიჭების თაობაზე ხელსუფლებასა და მის ოპონენტებს შორის მუდმივი დაპირისპირებაა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრის ინიციატივამაც საყოველთაო მოწონება ვერ დაიმსახურა.

ახალი მემარჯვენეები სოციალურად დაუცველი ოჯახების, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების სარეიტინგო ქულების ზედა ზღვრის 70 000-დან 100 000-მდე გაზრდას ითხოვენ.  მათი თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების სისტემა ქვეყანაში არასამართლიანი, ბუნდოვანი და არაობიექტურია და ბევრად უფრო რადიკალური ცვლილებების განხორციელებაა საჭირო.

“უსამართლო და გაუმართლებელია, როცა თბილისსა და აჭარაში ადგილობრივი ხელისუფლებების გადაწყვეტილებით ეს ქულები ბევრად მაღალია, ვიდრე დანარჩენ საქართველოში (თბილისში - 100 000, აჭარაში - 200 000, დანარჩენ საქართველოში - 70 000). რა დააშავეს სხვა ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, რომლებიც არსებული საბიუჯეტო კანონმდებლობის წყალობით საკუთარ ბიუჯეტებში თანხა არ რჩებათ ანალოგიური შეღავათები გაუკეთონ თავიანთ დაუცველ მოსახლეობას?

საჭიროა მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება და მთელი საქართველოს მასშტაბით სარეიტინგო ქულების ზედა ზღვარმა არსებული 70 000-დან აიწიოს 100 000-მდე, როგორც ეს დედაქალაქშია. მით უმეტეს სტატისტიკურად დადგენილია, რომ სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრივი ჯგუფი 66%-ით სწორედ სოფლად მცხოვრები ღარიბი მოსახლეობაა”, - განაცხადა პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება კვლავ აპირებს ბუნდოვანი დატოვოს კოეფიციენტები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური შეფასების მეთოდიკაში. მთავრობის შესაბამისი დადგენილებით 2010 წელს თითქოს გადაწყდა, რომ გარკვეული ტიპის საყოფაცხოვრებო ტექნიკა ოჯახების სიმდიდრის მაჩვენებელი აღარ იქნებოდა, მაგრამ ბუნდოვანი ჩანაწერის გამო სწორედ საყოფაცხოვრებო ტექნიკა  ხდებოდა ოჯახის სოციალური დახმარების სიიდან ამოღების საბაბი.

სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დღეს მოქმედი მეთოდოლოგია მსოფლიო ბანკის მიერ 2007 წელს ჩატარებული შინამეურნეობების ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების კვლევის ბაზაზე შეიქმნა. 2010 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების კრიტერიუმები ძირეულად შეიცვალა. იმ პერიოდიდან მაცივარი და ტელევიზორი ოჯახის ბაზაში მოხვედრისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი აღარ ითვლება. დღემდე შეფასებისას ყურადღება ისეთ საგნებზე კეთდება, როგორიცაა ძვირადღირებული გამათბობლები, სატელიტური ანტენა, პლაზმური ტელევიზორი და ა.შ.

თუმცა, როგორც ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, უახლოეს მომავალში მტვერსასრუტი, კომპიუტერი და ტოსტერი დამაბრკოლებელი ფაქტორი აღარ გახდება.

“თუ სახელმწიფო აცხადებს, რომ კომპიუტერი ფუფუნების საგანი კი არ არის, არამედ მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვების განათლებისა და ჩამოყალიბების ატრიბუტია, კომპიუტერი აღარ უნდა იყოს ამ ქულათა სისტემისა და ოჯახის დეკლარაციის ნაწილი.  ამიტომ მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ ამოვიღოთ კომპიუტერი შეფასების სისტემიდან. ამ ინიციატივას მთავრობის სხდომაზე გავიტანთ. ასეთ შემთხვევაში, ამ ოჯახს სოციალური აგენტი გადაამოწმებს და დარწმუნებული ვარ, ქულა ისე დაიწევს, რომ ოჯახის ყველა წევრს სადაზღვევო პოლისი ექნება”, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, შეფასების სისტემიდან ამოღებული იქნება, ასევე, მუსიკალური ცენტრი, მტვერსასრუტი და ტოსტერი. ხშირად ამ ნივთების გამო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები სოციალურ დახმარებას და პოლისებს ვერ იღებდნენ.

თუმცა, ეს დიდი შეღავათად არ მიაჩნია გამყრელიძეს. “დღესაც ბატონი ჭიაბერაშვილი საუბრობს ტოსტერზე და მტვერსასრუტზე, თუმცა მან ძალიან კარგად იცის, რომ ეს ნივთები სოფლად თითქმის არავის აქვს და ამის გამო არც შექმნია პრობლემა მაშინ, როცა ხშირად საბჭოთა წარმოების ტელევიზორების გამოც კი ოჯახებს დახმარებას არ აძლევდნენ”, - აღნიშნა გამყრელიძემ.

სწორედ ამ პრობლემების გამო ახალი მემარჯვენეები მთავრობას რამდენიმე მოთხოვნას უყენებენ:

1. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში - “სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ” - არსებული ბუნდოვანი ფორმულირებების ნაცვლად, შეიტანილ იქნას კოეფიციენტების ზუსტი ჩამონათვალი და მასმედიის საშუალებებით გამოაქვეყნდეს მკაფიო მეთოდიკა და კრიტერიუმები, რითაც მოხდება ოჯახების მდგომარეობის შეფასება;

2. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეასრულოს “სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე- 7 მუხლი და საჯარო გახადოს სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები. თითოეული გადაწყვეტილება თავისი სარეიტინგო ქულებით უნდა ქვეყნდებოდეს სოციალური დახმარების სააგენტოს ვებ-გვერდზე და მასზე ხელი უნდა მიუწვდებოდეს ყველა დაინტერესებულ პირს;