სარიუშ ვოლსკი ცდილობს ”ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ ილაპარაკოს

სარიუშ ვოლსკი ცდილობს ”ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ ილაპარაკოს

სარიუშ ვოლსკი ცდილობს ”ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ ილაპარაკოს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, რითაც ევროპარლამენტარ იაცეკ სარიუშ ვოლსკის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ოქტომბრამდე ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერიზაციის დაწესების საკითხის განხილვა მოსალოდნელი არ არის.

”უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ სარიუშ ვოლსკის საკითხი და ვიზალიბერალიზაცია ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ არის, რადგან ბატონი სარიუშ ვოლსკის უწყება - ევროპარლამენტი არ არის ის ადგილი, სადაც ხდება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება. იქ ყველაფერი მიდის სწორად, მომხსენებლმა დაწერა მოხსენება და ის მოასწრებს მის წარმოდგენას სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში (LIBE) კომიტეტში - სხვაგან ხდება ამ საკითხის გადაწყვეტა, ეს არის ევროკავშირის საბჭო, სადაც მინისტრების შეხვედრაზე, 10 ივნისს წყდება ეს საკითხი ან შესაძლოა გადავადდეს იმ დროისთვის, როდესაც მიღებული იქნება ევროკავშირის ქვეყნების მიერ გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციის შეფერხების მექანიზმების შესახებ და მერე მიეცემა ქვეყნებს ვიზალიბერალიზაცია. აქ პრობლემა არის ის, რომ ზოგიერთი ქვეყნის აზრით, ჯერ უნდა ამოქმედდეს შეფერხების მექანიზმი (ანუ თუ რომელიმე ქვეყანას რაიმე პრობლემა აქვს, მას იოლად გაუჩერდეს ვიზალიბერალიზაცია) და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიენიჭოს ახალ ქვეყნებს. ეს არის გერმანიის პოზიცია. ეს ნიშნავს, რომ არავინ ლაპარაკობს იმაზე, უნდა მიეცეს თუ არა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია. ეს გადაწყვეტილი საკითხია და ევროკომისიამ ეს დაადგინა. სარიუშ ვოლსკი ცდილობს, ”ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ ილაპარაკოს და არაფერ კავშირში არ არის ამასთან, რადგან იქ კენჭისყრა იქნება და შეიძლება ხმა არ მოგვცეს ვოლსკიმ, მაგრამ სხვები მოგვცემენ. ევროპარლამენტში არ არის ჩვენი პრობლემა ამჟამად”, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა და დასძინა, რომ ”10 ივნისს, ევროკაშირის საბჭოში გადაწყდება ვიზალიბერალიზაციის საკითხი და თუ ახლა არ გადაწყდა, შემდგომი განხილვებითვის გადაიდება”.

მისივე აზრით, საქართველოს აქვს სრული შანსი, ვიზალიბერალიზაცია მიიღოს დროულად.

”რა თქმა უნდა, არ გამოირიცხება რომ ეს საკითხი ზაფხულის პერიოდში ვერ დამთავრდეს და სექტემბრისთვის გადაიდოს, მაგრამ ეს არ არის დამოკიდებული ვოლსკიზე და პარლამენტზე. პარლამენტში ყველაფერი სწორად მიდის”, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

კითხვაზე, რამდენად მოახდენს ვიზალიბერალიზაციაზე გავლენას ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დეპუტატის თქმით, ”საქმე იმაშია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან ვიზალიბერალიზაციის საკითხს აქვს ნულოვანი კავშირი”.

”ვიღაცეებს უნდათ, რომ ეს საკითხები ერთმანეთს მიაბას, მაგრამ ეგ არის ტექნიკური საკითხი. რა თქმა უნდა, ქვეყანაში მიმდინარე საკითხები ზოგიერთი კარგია, ზოგიერთი ცუდია. რა თქმა უნდა, კარგად უნდა მოვიქცეთ, პრობლემები თუ გვაქვს უნდა გამოვასწოროთ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის საკითხს არც კორცხელი, არ სასამართლო, არც ”რუსთავი 2” და არაფერი არ აფერხებს. გარწმუნებთ, ეს 100%-ით სიმართლეა. თუკი სადმე პრობლემა გვაქვს, მაგალითად სასამართლო სისტემაში ან სხვაგან, ეს უნდა გამოვასწოროთ, რადგან ვიზით არ იწყება და არ მთავრდება ყველაფერი, კიდევ არის ევროკავშირთან სხვა დაახლოების ამბები. უბრალოდ ვინც ახლა ცდილობს, ხელისუფლებას აკიდოს ის, რომ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს რაღაცა აზრები აქვს, ეს არ არის სამართლიანი. მე არ მაქვს დიდი გულკშემატკივრობა რიგი პროცესების მიმართ, რა შეცდომებიც არის საქართველოში, მაგრამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ ვართ პირნათელი, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ევროპის წინაშე. ყველა ამოცანა, რომელიც გვეხებოდა, გვაქვს შესრულებული ყველაზე უკეთ, ბევრად უკეთ ვიდრე უკრაინას, თურქეთს და კოსოვოს”, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე 10 ივნისს იმსჯელებენ. ევროკავშირის საბჭოს გარდა, აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა ევროპარლამენტის მხარდაჭერაც, თუმცა ევროპარლამენტის წევრმა იაცერ სარიუშ ვოლსკიმ გუშინ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრამდე ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერიზაციის დაწესების საკითხის განხილვა მოსალოდნელი არ არის. როგორც მან განმარტა, ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე განხილვის გადადება გამოწვეულია ევროკავშირის წევრ ქვეყნების შორის არსებული უთანხმოებით ე.წ. შეჩერების მექანიზმის დაწესების საკითხზე.

"ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მოთხოვნით, სანამ რომელიმე ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაცია დაწესდება, იქამდე უნდა დაწესდეს სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი", - განმარტა ევროპარლამენტის წევრმა.

სარიუშ ვოლსკი იმედოვნებს, რომ ზაფხულის პერიოდში ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთიან პოზიციაზე შეჯერდებიან და უკვე საშემოდგომო სესიაზე ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე განხილვა გაიმართება. სარიუშ ვოლსკის განმარტებით, აღნიშნული საკითხის გადადება საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს არ უკავშირდება.