ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა სააპელაციო საჩივრის წარდგენაზე უარი თქვა

ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა სააპელაციო საჩივრის წარდგენაზე უარი თქვა

ქიბარ ხლვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის წარდგენაზე უარი განაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქიბარ ხალვაშის მხარე არ დაობს საავტორო უფლებებზე.

სააპელაციო სასამართლოს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერებმა და პოლიტიკოსებმა.

როგორც „რუსთავი2“-ის მხარდამჭერები აცხადებენ, მიზეზი არის ის, რომ სასამართლომ ადვოკატები დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი სხდომაზე არ დაუშვა.

სასამართლომ დააჯარიმა "რუსთავი 2"-ის კიდევ ერთი ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილიც. სასამართლო სხდომაზე დასასწრებად არ შეუშვეს არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამიას თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ "რუსთავი 2"-ის არცერთი წარმომადგენელი არ დაუშვან სხდომაზე.

“სასამართლოზე რაც ხდება, ამას ერთი სიტყვით დავახასიათებ - მარაზმი. ყველაფერს ველოდები, რადგან როგორც ხედავთ, ხალვაშის მხარე და სასამართლო ერთობლივად, შეთანხმებულად მოქმედებენ. ეს არის ერთი მხარე - ხალვაში და ხელისუფლება. ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს პროცესი და "რუსთავი 2"-ის არც ერთი წარმომადგენელი არ იყოს დაშვებული სხდომაზე. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს. როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციის ამბავი გადაიდო დიდი ხნით - პირველ ეტაპზე ოქტომბრამდე, მაგრამ მეეჭვება, რომ ეს ოქტომბრის მერეც მოხდეს. მაგრამ იცოდნენ, რომ ყველაფერთან ერთად ამ გაჭიანურების ამბავში გარეულია როგორც თამაზ ურთმელიძე, ისევე ეს ჩვენი სამი ქალბატონიც. ისინი ვერ გაექცევიან ამ პასუხისმგებლობას” - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სააპელაციო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდა.