ვიზალიბერალიზაციის პროცესი თანამიმდევრულად მიდის

ვიზალიბერალიზაციის პროცესი თანამიმდევრულად მიდის

ვიზალიბერალიზაციის პროცესი თანამიმდევრულად მიდის იმ უწყებებში, რომელიც ევროკავშირის საბჭოსთვის საკითხის მოსამზადებლად პასუხისმგებელი არიან, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი მიმდინარეობს.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი მაღალი დონის ვიზიტზე, როგორიც პრეზიდენტის ვიზიტია, კიდევ ერთხელ გამახვილდეს ყურადღება ვიზალიბერალიზაციის პროცესის მნიშვნელობაზე.

”ჩვენ გველოდება ივნისის თვეში რამდენიმე საბჭო. ჩვენი იმედები უკავშირდება იმ სწორ, რაციონალურ და რაც მთავარია საქართველოს მოქალაქეებისთვის დამსახურებელი გადაწყვეტილების მიღებას ევროპული სტრუქტურების მხრიდან, რომლის შესახებ კომისიის მხრიდან ჩვენ გვაქვს პოზიტიური გადაწყვეტილება”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ ამ პროცესის თანმდიდევრულად განვითარებას ელის.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე 10 ივნისს იმსჯელებენ. ევროკავშირის საბჭოს გარდა, აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა ევროპარლამენტის მხარდაჭერაც, თუმცა ევროპარლამენტის წევრმა იაცერ სარიუშ ვოლსკიმ გუშინ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრამდე ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერიზაციის დაწესების საკითხის განხილვა მოსალოდნელი არ არის. როგორც მან განმარტა, ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე განხილვის გადადება გამოწვეულია ევროკავშირის წევრ ქვეყნების შორის არსებული უთანხმოებით ე.წ. შეჩერების მექანიზმის დაწესების საკითხზე.

"ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მოთხოვნით, სანამ რომელიმე ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაცია დაწესდება, იქამდე უნდა დაწესდეს სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი", - განმარტა ევროპარლამენტის წევრმა.

სარიუშ ვოლსკი იმედოვნებს, რომ ზაფხულის პერიოდში ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთიან პოზიციაზე შეჯერდებიან და უკვე საშემოდგომო სესიაზე ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე განხილვა გაიმართება. სარიუშ ვოლსკის განმარტებით, აღნიშნული საკითხის გადადება საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს არ უკავშირდება.