შეიძლება ევროპაში ვიღაც საქართველოს მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციას ჩვენ რაიმე დავაკელით

შეიძლება ევროპაში ვიღაც საქართველოს მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციას ჩვენ რაიმე დავაკელით

შეიძლება ევროპაში ვიღაც საქართველოს მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესს ჩვენ რაიმე დავაკელით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე აცხადებს.

რაც შეეხება საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის შედეგად კრიმინალური მდგომარეობის და მოსალოდნელი გაუარესების თაობაზე გაჟღერებულ პოზიციას, ამასთან დაკავშირებით გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ აღნიშნული არგუმენტი ხელოვნურია და რეალურად ევროპას საქართველოსგან ამ კუთხით არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

”რეალურად სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, ყველა ის მოთხოვნა, რაც არის ვიზალიბერალიზაციის კუთხით საქართველოს მიმართ, შესრულებულია. ახლა ევროპის გადასაწყვეტია ამ საკითხს მიიღებენ თუ არა. ჩვენ ჩვენი კუთხით ყველა ამოცანა შესრულებული გვაქვს, გადაწყვეტილება მათზეა დამოკიდებული. არ მიმაჩნია, რომ ჩვენი მხრიდან კიდევ სხვა დამატებითი ღონისძიებებია გასატარებელი. ევროპა უნდა დარწმუნდეს, რომ ჩვენი სახით ჰყავს სანდო პარტნიორი და არანაირი უხერხულობა ჩვენი ვიზალიბერალიზაციის გამო მას არ შეექმნება“, - აცხადებს გედევან ფოფხაძე.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე 10 ივნისს იმსჯელებენ. ევროკავშირის საბჭოს გარდა, აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა ევროპარლამენტის მხარდაჭერაც, თუმცა ევროპარლამენტის წევრმა იაცერ სარიუშ ვოლსკიმ გუშინ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრამდე ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერიზაციის დაწესების საკითხის განხილვა მოსალოდნელი არ არის. როგორც მან განმარტა, ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე განხილვის გადადება გამოწვეულია ევროკავშირის წევრ ქვეყნების შორის არსებული უთანხმოებით ე.წ. შეჩერების მექანიზმის დაწესების საკითხზე.

"ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მოთხოვნით, სანამ რომელიმე ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაცია დაწესდება, იქამდე უნდა დაწესდეს სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი", - განმარტა ევროპარლამენტის წევრმა.

სარიუშ ვოლსკი იმედოვნებს, რომ ზაფხულის პერიოდში ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთიან პოზიციაზე შეჯერდებიან და უკვე საშემოდგომო სესიაზე ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე განხილვა გაიმართება. სარიუშ ვოლსკის განმარტებით, აღნიშნული საკითხის გადადება საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს არ უკავშირდება.