თსუ-ს ანალიზის და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია ზურა ჯაფარიძეს ტყუილში ამხელს

თსუ-ს ანალიზის და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია ზურა ჯაფარიძეს ტყუილში ამხელს

თსუ-ს ანალიზის და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ ზურა ჯაფარიძე დიდი მონდომებით ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს გაუთვითცნობიერებელი მკითხველი.

"ტყუილი, დიდი ტყუილი და ჯაფარიძე

ზურა ჯაფარიძემ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს ღია წერილითვე უპასუხა. თან ყველა ეკონომისტს გვისაყვედურა, ჩემს გარდა რატომ არავინ აკრიტიკებთ ივანიშვილის წერილსო...

„დარცხვენილმა“ ჯაფარიძის პასუხი გადავიკითხე. წავიკითხე და საჭიროდ ჩავთვალე თავად ჯაფარიძის პოზიცია და კომპეტენცია შემეფასებინა...

გასაგებია, რომ ჯაფარიძე ოპოზიციონერია და შესაბამისად ბუნებრივია, მისი კრიტიკაც... თუმცა, ყურადსაღებია თავად მის მიერ განხორციელებული მანიპულაციების დონე და ხარისხიც... განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

- „თქვენ წერთ, რომ 2021 წელს საქართველოს ზრდის ტემპი 11.9% გახდება. სავალუტო ფონდის ანგარიშში არსად მსგავსი რამ არ არის ნახსენები. ეს უბრალოდ მცდარი ინფორმაციაა. ანგარიშში წერია რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი 2016 წელს სავარაუდოდ იქნება 2.5%, 2017-2021 წლებში - 4.5%, 2021 წელს კი - 5%.რადგან ამ ანგარიშს ეყრდნობით მოდი ვნახოთ რა შედეგი იქნება 2030 წელს თუ სავალუტო ფონდის პროგნოზი გამართლდება და რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას მიზნის მისაღწევად. სავალუტო ფონდის პროგნოზირებული ზრდის ტემპით 2030 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ მიაღწევს დაახლოებით 7,400 დოლარს, ხოლო მსყიდველუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით - დაახლოებით 20,000 დოლარს (ანუ, იმის ნახევარს რაც თქვენს წერილშია ნახსენები).“ - წერს ჯაფარიძე.

რთულია იმის გარკვევა, რისი თქმა სურს ამ ფრაზებით ჯაფარიძეს. ერთი კი ნათელია, იგი დიდი მონდომებით ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს გაუთვითცნობიერებელი მკითხველი, რადგან არაეკონომისტისთვის ძნელი გასარჩევია, რითი განსხვავდება მოსახლეობის ერთ სულზე გადაანგარიშებული „მთლიანი შიგა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით“, ანუ GDP (PPP) და ე.წ. „რეალური

მშპ“ ერთმანეთისაგან. „გირჩელი“ მანიპულირებს რიცხვებით და „რეალური მშპ-ს“ მონაცემებზე დაყრდნობით დაწყებულ ანალიზს GDP (PPP)-ის პარამეტრებზე გადათვლით ამთავრებს.

ივანიშვილის წერილის თანახმად, სავალუტო ფონდი წერს, რომ 2021 წელს მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებული GDP (მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით), ანუ GDP (PPP) 11.95%-ით გაიზრდებაო 2021 წელს. კერძოდ, 2020 წლის პროგნოზით მოსახლეობის ერთ სულზე მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 13.098 საერთაშორისო დოლარს გაუთანაბრდება, 2021 წელს კი 14.662 საერთაშორისო დოლარს (11.95%-იანი ზრდა). თუ ზრდის ამ ტემპს 2030 წლის ჩათვლით შევინარჩუნებთო, 2030 წელს მსყიდველუნარიანი მშპ ერთ სულზე 40481.75 საერთაშორისო დოლარს გაუტოლდებაო. ცალკე საუბრის თემაა რამდენად ცნობილია მოცემული პარამეტრი ფართო საზოგადოებისთვის და რა გეოპოლიტიკურ, თუ სოციალურ-ეკონომიკურ მოვლენებთან გვექნება შეხება 2030 წლისთვის (თუმცა, პროგნოზის გაკეთება ნამდვილად დასაშვებია), თუმცა დავუბრუნდეთ ჯაფარიძისეულ განმარტებებს.

(იხ. წყარო: http://www.imf.org/…/p…/ft/weo/2016/01/weodata/weorept.aspx…)

საშუალოზე დაბალი რანგის ეკონომისტმაც კი იცის, რომ „რეალური მშპ“ იზომება მხოლოდ იმ ქვეყნის ვალუტაში, რომლისთვისაც გამოითვლება, და მისი გადაყვანა სხვა ქვეყნის ვალუტაში, თუნდაც დოლარში შეუძლებელია / არაფრის მომცემია; მითუმეტეს წარმოუდგენელია ე.წ. „რეალური მშპ-ს“ ზრდის ტემპით „მსყიდველუნარიანი მშპ-ს“ ზრდის განსაზღვრა არათუ 2030 წლისთვის, არამედ ზოგადადაც.

ორიოდე სიტყვა, თუ რატომ იზომება ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, საერთაშორისო დოლარებში. ვერც ე.წ. „რეალური მშპ“ და ვერც „მშპ ამერიკულ დოლარში“ ვერ იძლევა საშუალებას ერთი ქვეყნის ეკონომიკა მეორე ქვეყნისას შევადაროთ. დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტების დევალვაცია ეკონომიკის ცრუ ვარდნის იმიტაციას ქმნის. სწორედ ამიტომაც მოფიქრებულია კეთილდღეობის საზომად მშპ საერთაშორისო დოლარში, ანუ GDP მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით. და რატომ არის ასე, ამას ნათლად დავინახავთ მარტივი მაგალითების საფუძველზე. თუ ეკონომიკებს დავთვლით ამერიკულ დოლარში მაშინ გამოვა, რომ 2015 წელს მთელ რიგ მოწინავე ქვეყნებში ეკონომიკურ ვარდნასთან ქონია ადგილი. მაგალითად, იაპონიის 2015 წლის ეკონომიკა, დათვლილი აშშ დოლარში, 30%-ით ჩამორჩება 2012 წლის მაჩვენებელსაც კი. თუ ეკონომიკას აშშ დოლარში დავითვლით, მაშინ ახალ ზელანდიაში, ევროზონაში, თურქეთში და თითქმის ყველა წარმატებულ თუ განვითარებად ქვეყნებში 2015 წელს ეკონომიკის ვარდნას მივიღებთ, რაც ნამდვილად არ მომხდარა.

მანიპულირება მეორე - ენერგეტიკის სექტორის ანალიზი. კერძოდ, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ - „2007-2008 წლებში ენერგეტიკაში ჯამში შემოვიდა 660 მილიონი დოლარის ინვესტიცია, 2014-2015 წლებში სულ შემოვიდა 280 მილიონი დოლარი (რატომ 2014-2015 და არა 2013-2015?). ბოლო წლების ტენდენცია ამ მხრივ მუდმივად კლებადია. როგორ შეიძლება ეს ჩაითვალოს წარმატებად ჩემთვის გაუგებარია“.

ამ შემთხვევაშიც მანიპულაცია ტერმინებშია. ის ინვესტიციას უწოდებს მხოლოდ პირდაპირ უცხოური ინვესტიციებს. არადა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გარდა, ინვესტიციების კატეგორიაში შედის პორტფელური უცხოური ინვესტიციები, პირდაპირი ადგილობრივი ინვესტიციები, ადგილობრივი პორტფელური ინვესტიციები და სხვა. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზების და ინფრასტრუქტურის, ნავთობისა და გაზსადენების მშენებლობა- რეაბილიტაცია ფორმალურად „ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის“ სექტორში აღირიცხება, შინაარსით კი ენერგეტიკის სექტორს უნდა მივაკუთვნოთ.

ჯამში ენერგეტიკაში განხორციელებული პროექტები 2013-2015 წლებში არა 280 მილიონი, არამედ 2.5 მილიარდი აშშ დოლარია (ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით): პირდაპირი უცხოური ინვესტიცია - 525 მლნ აშშ დოლარი; ნავთობისა და გაზის სექტორი - 233 მლნ დოლარი; ინფრასტრუქტურული პროექტები (ახალი ელექტრო გადამცემი ხაზების მშენებლობა და არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია) - 500 მლნ დოლარი; შაჰ-დენიზის პროექტი - 1 მრლდ აშშ დოლარი; ადგილობრივი ბანკების ინვესტიცია - 130 მლნ დოლარი.

ამჯერად ამაზე შევჩერდეთ.  პოლიტიკა... მანიპულაცია... პოლიტიკა...",- წერს ვახტანგ ჭორაია  სოციალურ ქსელში.