თურქეთი ნამიბიაში გერმანელების მიერ მოწყობილი გენოციდის აღიარებას გეგმავს

თურქეთი ნამიბიაში გერმანელების მიერ მოწყობილი გენოციდის აღიარებას გეგმავს

თურქეთის მმართველი პარტიის დეპუტატმა მეთინ ქიულიუნქმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც 1904-1907 წლებში ნამიბიაში გენოციდის აღიარებას ეხება

აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია Haberturk ავრცელებს.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ გლობალური ძალები ე.წ. სომხების გენოციდის საკითხს თურქეთის წინააღმდეგ ზეწოლის იარაღად გამოყენებას ცდილობენ.

"მიუხედავად იმისა, რომ საარქივო მასალები უარყოფს გენოციდის ფაქტს, ზოგიერთი მაინც ცდილობს, ე.წ. სომხების გენოციდი თურქეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს. თუმცა, თურქეთმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და აჩვენა, რომ გერმანიის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ჩვენთვის არაფერს ნიშნავს. თუ ისტორიკოსებს სურთ იცოდნენ, როგორ ხდება სინამდვილეში გენოციდი, უმჯობესია, ყურადღება მიაქციონ გერმანიას, ნორვეგიას, ინგლისს, რადგან გენოციდის მცნება ევროპის დახმარებით აღმოცენდა და გაიზარდა. მაგალითად, შესასწავლია გენოციდი, რომელიც ინგლისელებმა ავსტრალიაში, ფრანგებმა ალჟირში, ხოლო გერმანელებმა ნამიბიაში მოაწყვეს. ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპული კულტურა არ აღიარებს კაცობრიობას ისეთს, როგორიც ის არის სინამდვილეში და სურთ, რომ ყველა მათ დაემსგავსოს", - განაცხადა თურქმა დეპუტატმა.

1904-1907 წლებში, აფრიკის სამხრეთ-დასავლეთით, ნამიბიაში, გერეროსა და ნამას ტომების მოსახლეობის 80% გაანადგურეს კაიზერული გერმანიის საკოლონიო არმიის წარმომადგენლებმა, სახალხო აჯანყების ძალადობრივი ჩახშობის დროს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, გერმანიის ბუნდესტაგის გადაწყვეტილებით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ თურქეთის მიერ სომხების გენოციდი აღიარა.