ყაზახეთის ქალაქ აქტობეში სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თავდამსხმელების რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, 4 თავდამსხმელი დაჭრილია, 7 ძებნაშია გამოცხადებული, კიდევ 8 ადამიანი თავდასხმებთან კავშირისთვის არის დაკავებული.
შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის ვითარება აქტობეში სტაბილურია, შსს-ს ძალები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ.
კვირას უცნობ პირთა ჯგუფმა ქალაქ აქტობეში რამდენიმე თავდასხმა განახორციელა. ბოლო მონაცემებით, შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი და დაშავდა 38, მათი უმრავლესობა სამხედრო მოსამსახურეა.
ხელისუფლებამ თავდასხმებს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა, ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმები „რელიგიურმა რადიკალებმა“ განახორციელეს.