ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს გამოიტანოს

ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს გამოიტანოს

„რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია „საქართველოს“ ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს გამოიტანოს.

დღევანდელ პროცესზე ფრიდონ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სააპელაციო საჩივარზე უარი თქვა და ადვოკატების განმარტებით, შესაბამისად, „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას პროცესზე დასწრების საშუალება სრულად შეეზღუდა, რადგან მოპასუხე მხარე სალიას საჩივარზე აღარ არის საჭირო.

ადვოკატები აცხადებენ, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა, საქმის განხილვის ვადების შემცირებასაც უკავშირდება და აქედან გამომდინარე, არ გამორიცხავენ, რომ დღეს უკვე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე განაჩენი გამოიტანოს.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლეთა კოლეგიამ „რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია „საქართველოს“ ადვოკატები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი პროცესზე არ დაუშვა, ისინი მოსამართლეებმა დარბაზიდან წინა სხდომაზე გააძევეს, დღეს კი მათი შუამდგომლობა დარბაზში სხდომაზე დაშვების შესახებ მოსამართლეებმა არ დააკმაყოფილეს.

პროცესზე მოსამართლეებმა ტელეკომპანია „საქართველოს“ ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი დააჯარიმეს, რის შემდეგაც დარბაზი პროცესტის ნიშნად პოლიტიკოსებმა და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა დატოვეს.