გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტარებს - ჩვენ ბევრი გვაქვს საკამათო საშინაო საკითხებზე, მაგრამ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ერთიანი ვართ

გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტარებს - ჩვენ ბევრი გვაქვს საკამათო საშინაო საკითხებზე, მაგრამ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ერთიანი ვართ

ის ფაქტი, რომ მე აქ, როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად ვარ, მეტყველებს იმაზე, რომ გვაქვს ერთიანობა საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, ევროპარლამენტარების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხისას განაცხადა. 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას სურს შენარჩუნდეს ქართული პოლიტიკური სპექტრის ერთიანობა ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. 

”ჩვენ ბევრი გვაქვს საკამათო საქართველოს საშინაო საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ ერთიანი ვართ”, -განაცხადა მარგველაშვილმა. 

ამასთან, პრეზიდენტმა ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მის მიერ ვეტოს დადებასთან დაკავშირებითაც. 
”მინდა მადლობა გამოვუცხადო ვენეციის კომისიას, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობდა ამ საკითხზე. მათ ჩამოაყალიბეს წინასწარი პოზიცია კანონპროექტთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში. მიხარია, რომ ჩემი ვეტო პარლამენტმაც მიიღო და ახლა პროექტი უკეთესია, ვიდრე აქამდე იყო”, - განაცხადა მარგველაშვილმა. 

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ყურადღება საარჩევნო რეფორმებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ პროცესზე მუშაობა წელიწადნახევრის წინ დაიწყო. 
”მე შევძელი ყველა ოპოზიციური პარტიის, საერთაშორისო ორგანიზაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შემეკრიბა. მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით სისტემა არ შეცვლილა, თუმცა, ჩვენი საარჩევნო სისტემა დემოკრატიულია და ცვლილებები მოხდება”, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

გიორგი მარგველაშვილმა ასევე ისაუბრა კორცხელის ინციდენტზე და აღნიშნა, რომ შეშფოთებულია ამ ძალადობის გამო.

”ვფიქრობ, მსგავსი რამ საქართველოში არ უნდა ხდებოდეს. ინციდენტის მონაწილეებს ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენა პროკურატურამ. იმედი მაქვს, ჩვენ, პოლიტიკური ხელმძღვანელობა გადავლახავთ არჩევნების დროს მსგავს ხარვეზებს”, - აღნიშნა მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტი გამოეხმაურა ”რუსთავი 2”-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებსაც, რაზეც ევროპარლამენტარების მხრიდან კითხვები ასევე იყო.
”საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა გააკეთეს განცახედებები. ისინი ელიან რომ საკითხები, რომელიც კერძო დავას ეხება, არ დააზარალებს მედია გარემოს წინასაარჩევნო პერიოდში. სასამართლო სისტემა არც ერთ ლიდერს არ ექვემდებარება”, - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებების თარგმანს ”რუსთავი 2” ავრცელებს.