„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი ყველა პარტიას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, ვისაც დეკლარირებული აქვს ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელისადმი მხარდაჭერა, შეძლოს და ამ მოდელს მისცეს ხმა. ამის შესახებ დავით ბერძენიშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ბერძენიშვილის თქმით, მიმდინარე კვირაში პარლამენტის სხდომის დღის წესრიგიდან აღნიშნული საკითხი „რესპუბლიკურმა პარტიამ“ მოხსნა, ვინაიდან ცვლილებების მიღებას 76 ხმა სჭირდება და ამ ხმების მობილიზებაა საჭირო.
„ჩვენ გვსურს არა ის, რომ ყველას სიმართლე დავუმტკიცოთ, „რესპუბლიკურ პარტიას“ რა კარგი რამ გვინდოდა, არამედ გვსურს, რომ ჩვენი კანონპროექტი იქცეს კანონად. ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტის ყველა იმ სუბიექტს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ჩათვლით, რომელთაც დეკლარირებული აქვს „გერმანული მოდელისადმი“ მხარდაჭერა, შეძლოს ამ მოდელს მისცეს ხმა. მივმართავთ ყველა პარტიას, ვისაც დეკლარირებული აქვს ”გერმანული მოდელის” მხარდაჭერა, შეძლონ პარტიული კონსულტაციების ჩატარება და მხოლოდ ამის შემდეგ დავსვამთ ამ საკითხს დღის წესრიგში“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, თუ ვინმე რაიმე მოტივით ვერ მიიღებს ამაში მონაწილეობას, მაშინ იმ პარტიამ თავად უნდა გასცეს პასუხი ამომრჩეველს, თუ რატომ წაართვა ხალხს უფლება მიეღო კარგი საარჩევნო სისტემა.
„იმედი გვაქვს, ჩვენი ეს მცდელობა ადეკვატურად იქნება შეფასებული. ვიღაცებს, ეტყობა პარტიის კონკრეტულ წევრებს, რომლებსაც დეკლარირებული აქვთ აღნიშნული მოდელის მხარდაჭერა, როგორც ჩანს, ხელს უშლიან. ვითარების გამწვავება არ გვინდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ალბათ ყველაზე მეტს წააგებს თუ ამ მოდელს მხარს არ დაუჭერს, ვინაიდან მიიღებს ნაკლებ მანდატს, ვიდრე ”გერმანული მოდელის” შემთხვევაში. იმედი გვაქვს, დაძლევს პრობლემებს და არ აღმოჩნდება ოდესის გუბერნატორის მძევალი“, - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.