“Blur”-ის ბოლო პროექტი

“Blur”-ის ბოლო პროექტი

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა,  რომ პოპულარული ბრიტანული ჯგუფი “Blur” დაიშალა. ჯგუფის ლიდერი დეიმონ ალბარნის ინფორმაციით, ის და მისი კოლეგები მიმდინარე წლის 12 აგვისტოს ბოლო კონცერტს ჩაატარებენ და ამის შემდეგ ჯგუფი არსებობას შეწყვეტს.

გუშინ ჯგუფის წევრებმა პრეს-კონფერენცია ჩაატარეს და განაცხადეს, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში სპეციალურ საკოლექციო ალბომს გამოუშვებენ, რომელშიც დღემდე ჩაწერილ დისკებთან ერთად უცნობი 65 კომპოზიციაც განთავსდება.

ამ ალბომის სახელწოდებაა “21” და ამავე რაოდენობის დისკების კრებულს წარმოადგენს. ამ კომპლექტთან ერთად გაყიდვაში ჯგუფის ისტორიის ამსახველი ფოტოალბომიც გამოვა.

ჯგუფი “Blur” 1989 წელს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შევიდნენ ვოკალისტი დეიმონ ალბარნი, გიტარისტი გრემ კოკსონი, ბას-გიტარისტი ალექს ჯეიმსი და მედოლე დეივ რაუნტრი.

სადებიუტო ალბომი “Leisure” მუსიკოსებმა 1991 წელს გამოუშვეს. დისკმა ალბომების ბრიტანულ ჩართებში საპატიო მეშვიდე ადგილი დაიკავა.

2003 წელს ჯგუფის წევრები ხანგრძლივ შემოქმედებით შვებულებაში გავიდნენ. ამისი მიზეზი გრემ კოკსონის მიერ “Blur”-ის დატოვება აღმოჩნდა.

დეიმონ ალბარნმა ჯგუფი 2009 წელს კვლავ აღადგინა და მუსიკოსებმა საკონცერტო კარიერა გააგრძელეს.