რობერტ ჰამილტონი - ტერიტორიული კონფლიქტები ნატოში წევრობას არ გამორიცხავს

რობერტ ჰამილტონი - ტერიტორიული კონფლიქტები ნატოში წევრობას არ გამორიცხავს

ტერიტორიული კონფლიქტები ნატოში წევრობას არ გამორიცხავს, - ამის შესახებ ამერიკის არმიის ლეიტენანტ-პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი ”ამერიკის ხმისათვის” მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. 

გამოცემა ამერიკელი სამხედრო ჩინოსნისგან დაინტერესდა, თუ რას უნდა ელოდოს საქართველო ვარშავის ნატოს სამიტზე და რამდენად მზად არის საქართველო ალიანსში გაწევრიანდეს? როგორც რობერტ ჰამილტონმა განაცხადა, საქართველომ ყველა პირობა შეასრულა, პოლიტიკური თუ სამხედრო კუთხით, ალიანსში გასაწევრიანებლად.

”ჩემი შეფასებით, რომელსაც დამსწრე ამერიკელი მონაწილეები ეთანხმებოდნენ, ფაქტია, რომ საქართველომ ყველა პირობა შეასრულა პოლიტიკური თუ სამხედრო კუთხით ალიანსში გასაწევრიანებლად. როგორც დამსწრე მაღალი რანგის ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა შენიშნა, საქართველომ აღარაფერი უნდა დაუმტკიცოს ნატოს. საქართველომ დიდი წვლილი შეიტანა ავღანეთში, ნატოს მისიაში, ასევე კოსოვოში, სადაც ნატოს მისია იდგა და წარსულში, ერაყშიც, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ნატოს მისია არ იბრძოდა, იქ ნატოს ბევრმა პარტნიორმა გაგზავნა ჯარები. კონფერენციის პირველ დღეს, დაიხურა "ღირსეული პარტნიორის" სამხედრო სწავლება, რაც ამერიკულ-ბრიტანულ-ქართული ერთობლივი სამხედრო წვრთნის პროგრამა იყო. ამის შემდეგ, ქართულ შენაერთს ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა, რაც მას ნატოს ყველა მისიაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს”, - განაცხადა რობერტ ჰამილტონმა. 

ამასთან, არმიის ლეიტენანტ-პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი მიიჩნევს, რომ რთულია განსაზღვრო რა მოხდება ვარშავის სამიტზე, თუმცა, სჯერა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ინდივიდუალურად უნდა შეთანხმდნენ ახალი წევრის მიღებაზე. 

”საქმე იმაშია, რომ საქართველოს გაწევრიანების გეგმა ნატოს ალიანსში 2008 წელს გამოცხადდა და ეს დღემდე ნატოს პოლიტიკად რჩება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. თუმცა ვფიქრობ, ახლა საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილების გამონახვაშია და თუ როგორ აღასრულებს ალიანსი საკუთარ განცხადებას ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთან მიმართებაში”, - განაცხადა არმიის ლეიტენანტ პოლკოვნიკმა რობერტ ჰამილტონმა.
გამოცემა დაინტერესდა ამერიკელი სამხედრო ჩინოსნისგან, თუ რა ბარიერია საქართველოში არსებული სეპარატისტული კონფლიქტები ნატოში გაწევრიანებისთვის? რობერტ ჰამილტონის თქმით, ტერიტორიული კონფლიქტები ნატოში წევრობას არ გამორიცხაქვს. 

”ამ თემაზეც იყო კონფერენციაზე საუბარი. თუმცა, თუ ჩვენ გადავხედავთ ნატოს ალიანსის გაფართოების სტრატეგიას, აქ ნათქვამი არსადაა, რომ არსებული ტერიტორიული კონფლიქტები ერთადერთი ფაქტორია ნატოში ახალი წევრების მისაღებად. პირიქით, აქ ნათქვამია, რომ თუ კონფლიქტები არსებობს, ისინი ეუთოს სტანდარტებით უნდა მოგვარდეს. მითუმეტეს, რომ პრეცედენტიც არსებობს, როცა 1955 წელს გერმანია ალიანსის წევრი გახდა მაშინ, როცა მისი ერთი მესამედი საბჭოთა კავშირის მიერ იყო ოკუპირებული. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას არასდროს უთქვამს უარი გერმანიის მთლიან ტერიტორიაზე. ამდენად, არსებული კონფლიქტები არ წარმოადგენს ნატოში გაწევრიანების ერთადერთ კრიტერიუმს”, -აღნიშნა ჰამილტონმა. 

სამხედრო ჩინოსანმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო შეეცადა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას, უფრო მეტიც: გააკეთა ყველაფერი ურთიერთობების დასალაგებლად და მცირედი წარმატებაც ჰქონდა. 
”თუმცა, ახლა საქმე არა იმდენად ორმხრივი კავშირების აღდგენასა და წარმატებაშია, რამდენადაც იმაში, თუ რამდენად არის მზად ნატოს ალიანსი რუსეთის რეაქციას გაუმკლავდეს, რომელიც აუცილებლად მოჰყვება უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას”, - განაცხადა რობერტ ჰამილტონმა.